განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმს გაუუქმდა ავტორიზაცია.
„2023 წლის 27 თებერვლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის პირობების შემოწმების საკითხი.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია.
განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ ქ. მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ქ.მარნეულში დღეისათვის არსებული ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შესახებ.
მოსწავლეთა მობილობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბჭოს გადაწყვეტილება შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ძალაში შედის 2023 წლის 8 მარტიდან.
შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე საბჭოს სხდომის ოქმი, დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო გახდება და გამოქვეყნდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge კანონით დადგენილ ვადაში, საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღეში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უცნობია, რა ელის მასწავლებლებს - შესაძლოა ისინი სამსახურის გარეშე დარჩნენ.