სკოლებში, მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად, ასევე აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად და რა თქმა უნდა, ბავშვების მოტივაციისთვის, სხვადასხვა კლუბი ფუნქციონირებს... გარემოსდაცვითი, სამკითხველო, სამოქალაქო განათლების... თუმცა, სკოლა, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, ამ მიმართულებით ორიგინალური აღმოჩნდა რადგან იქ ბებია-ბაბუების კლუბი აქვთ...
დიახ, არ მოგესმათ - ბესიკ ხულორდავას სახელობის, მარტვილის მუნიციპალიტეტის, სალხინოს საჯარო სკოლაში, ბებია-ბაბუების კლუბი ფუნქციონირებს, რომელიც სწორედ იმიტომ შეიქმნა, მოსწავლეთა ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანესი ადამიანების ღვაწლი კიდევ მრავალჯერ დაეფასებინათ.
იდეა კი, თურმე წლების წინ, მასწავლებელს გასჩენია და როგორც სალხინოს სკოლის დირექტორი, ნუნუ სილაგავა etaloni.ge-ს უამბობს, კლუბის ყველა ღონისძიებას ლაიტომტივად გასდევს - „ჩვენც დავბერდებით“.
„ბებია-ბაბუების კლუბის დაარსება ღვაწლმოსილი პედაგოგის სულიკო ბასილაიას იდე გახლდათ... სულიკო მასწავლებელი აღარ მუშაობს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საოცარი პედაგოგი გახლდათ, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული“, - აღნიშნავს ქალბატონი ნუნუ და დასძენს, რომ კლუბის ერთგვარი დევიზი - „ჩვენც დავბერდებით“, იმას მიანიშნებს, თუ როგორ სჭირდებათ ასაკოვან ადამიანებს თითოეული ჩვენგანის მხრიდან დაფასება:
„იცით, მოსწავლეთა მშობლები ხშირად მოდიან სკოლაში, თუმცა ფაქტია - რომ ბავშვების წარმატებით ბებია-ბაბუები ასმაგად ამაყობენ... ვერ წარმოიდგენთ, როგორ უბრწყინავთ თვალები, როდესაც შთამომავლებს სცენაზე ხედავენ... მათ ჩვენგან განსაკუთრებული სიყვარული და დაფასება სჭირდებათ“.
სალხინოს სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ პანდემიამ ოდნავ შეაფერხა კლუბის მუშაობა - ისევ და ისევ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, თუმცა ამაყობს, რომ ონლაინ-გაკვეთილებს, სწორედ მოსწავლეთა ბებია-ბაბუები ესწრებოდნენ შვილიშვილებთან ერთად და გულდასმით ისმენდნენ პედაგოგების თითოეულ სიტყვას, რათა შემდეგ, დავალებების მომზადებაში, მათი „ცხოვრების აზრებს“, დახმარებოდნენ.