არჩევანის მატრიცას გადაწყვეტილების მიღების მეთოდსაც უწოდებენ. ის საშუალებას გვაძლევს, გუნდური ან ინდივიდუალური მუშაობის დროს გაანალიზდეს და შეფასდეს სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებული კავშირი.
არჩევანის მატრიცა განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინოთ მრავალი ფაქტორი და შევაფასოთ თითოეული ფაქტორის შედარებითი მნიშვნელობა.
როდის გამოიყენება არჩევანის მატრიცა?
მეთოდი გამოიყენება დაგეგმვის დროს, როდესაც საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გაანალიზება და ალტერნატივების შეფასება. მატრიცა ასევე ეფექტურია პრობლემის ალტერნატიული გადაწყვეტილების შეფასებისას.
რა უნარებს ავითარებს აღნიშნული მეთოდი მოსწავლეებში?
არჩევანის მატრიცა ხელს უწყობს: ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, შემოქმედებით აზროვნებასა და კომუნიკაციის უნარს.
როგორ უნდა გამოვიყენოთ არჩევანის მატრიცა? - ამის შესახებ მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ინტერაქტიური მეთოდების კრებულშია განმარტებული:
„განსაზღვრეთ ალტერნატივები: გუნდის საჭიროებებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს პოტენციური გადაწყვეტილებები - ვარიანტები, რომელთა შორისაც ვაკეთებთ არჩევანს. ჩამოწერეთ ისინი მატრიცის ზედა ნაწილში.
განსაზღვრეთ გადაწყვეტილებების/არჩევის კრიტერიუმები. ეს საკვანძო კრიტერიუმები შესაძლოა გამოიმუშაოთ გონებრივი იერიშით. დარწმუნდით, რომ ყველას ნათლად ესმის ყველა კრიტერიუმის მნიშვნელობა. ასევე დარწმუნდით, რომ კრიტერიუმები ისეა შედგენილი, რომ მათდამი მინიჭებული მაღალი ქულა ნიშნავს სასურველ შედეგს, ხოლო დაბალი ქულა ნიშნავს არასასურველ შედეგს. ჩამოწერეთ კრიტერიუმები მატრიცის მარცხენა მხარეს.
მიანიჭეთ წონა - თუ რომელიმე კრიტერიუმი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა, შეთანხმდით და მიანიჭეთ მას შესაბამისი წონები (მაგ: 1,2,3).
შექმენით ქულების სისტემა: ალტერნატივების შეფასების წინ, გუნდი უნდა შეთანხმდეს ქულების სისტემაზე. განსაზღვრეთ დიაპაზონი (მაგ: 1-დან 5-მდე ან 1,3,5) და დარწმუნდით, რომ გუნდის ყველა წევრს კარგად ესმის, თუ რა არის დაბალი, საშუალო და მაღალი ქულა.
შეაფასეთ ალტერნატივები: შეაფასეთ თითოეული ალტერნატივა თითოეული კრიტერიუმის მიხედვით. ეს უნდა მოხდეს ჯგუფური კონსესუსით ან ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის გზით (გუნდის წევრების ინდივიდუალური ქულებიდან).
შეაჯამეთ ქულები - გადაამრავლეთ თითოეული კრიტერიუმის ქულა მის წონის მაჩვენებელზე. შემდეგ შეაჯამეთ თითოეული ალტერნატივის ქულა და გააანალიზეთ შედეგები“.