მასწავლებლები ვალდებულნი არიან, რომ სასწავლო პროცესში სიმშვიდე შეინარჩუნონ და მოსწავლეების საჭიროებებზე ორიენტირდნენ.
ასევე, მოსწავლეებსაც აქვთ ვალდებულება, სკოლის შინაგანაწესი დაიცვან, თუმცა ზოგჯერ ასე სულაც არ იქცევიან, რამაც, შესაძლოა, პედაგოგები გაღიზიანება გამოიწვიოს. მათ ეს გრძნობა შეიძლება არც გამოხატონ და ემოციები კარგად აკონტროლონ.
მოსწავლეების რომელი ქცევები აღიზიანებთ მასწავლებლებს - ამ საკითხზე უცხოეთში პედაგოგების გამოკითხვა ჩატარდა. მათი პასუხების დიდი ნაწილი ერთმანეთს დაემთხვა.
აღმოჩნდა, რომ პედაგოგებს აღიზიანებთ:
კლასში ძილი - კლასში წესრიგი ზოგჯერ სიჩუმითა და სიმშვიდითაც ირღვევა. სწორედ ამის მაგალითია კლასში ძილი. ამ საქციელს შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს. პირველი - მოსწავლეს გაკვეთილი არ აინტერესებს, მოსაწყენია. მეორე - ის კლასისა და მასწავლებლის უპატივცემულობას გამოხატავს.
გაკვეთილის დროს ხანგრძლივი საუბარი - ხშირად მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობისას ერთამნეთს ესაუბრებიან. ისინი მხოლოდ მცირე რეპლიკით კი არ შემოიფარგლებიან, არამედ ვრცელი დიალოგი აქვთ. ეს კი, რასაკვირველია, პედაგოგის უკმაყოფილებას იწვევს.
მუდმივი თავის ქება და „გრანდიოზულობა“- ზოგიერთი მოსწავლე საკლასო დისკუსიას მხოლოდ თავის წარმოჩენის შესაძლებლობად იყენებს. ხდება ისე, რომ მათი საუბარი განსახილველ საკითხს სრულიად სცდება და თანატოლების ყურადღების მიქცევის საშუალებად იქცევა.
გადაჭარბებული დაგვიანება - მოსწავლეებს გაკვეთილზე აგვიანდებათ ხოლმე და ამას ბევრი მასწავლებელი გაგებით ეკიდება. მთავარია, ამან სისტემატიური სახე არ მიიღოს და მოსწავლემ გაკვეთილზე მაგალითად, 30 წუთით არ დააგვიანოს.
აშკარა უყურადღებობა - მოსწავლეთა ნაწილს ყურადღების მოკრება უჭირს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამას არც კი ცდილობს. ამით ისინი მასწავლებლის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ.
გაკვეთილზე ჭამა, დალევა, საღეჭი რეზინით მისვლა, მოწევა - ეს არის ის, რაც მასწავლებლებს ძალიან აღიზიანებთ და მოსწავლეები აუცილებლად უნდა მოერიდონ.
გაკვეთილზე ტელეფონში თამაში - სკოლაში ტელეფონი შესაძლოა ატარო, თუმცა გაკვეთილზე თამაში გაუმართლებელია.
კლასიდან გაუფრთხილებლად გასვლა - თუ მოსწავლეს გაკვეთილიდან გასვლა სურს, უნდა იკითხოს.