6 კრიტერიუმი, რომელიც აბიტურიენტებმა რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ
15-03-2023
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო - აბიტურიენტებს პირველი ეტაპის რეგისტრაციისთვის ვადა 3 აპრილის ჩათვლით აქვთ. რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას, ამის შესახებ დეტალები აბიტურიენტთა ცნობარშია მოცემული, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
– აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
– აკრედიტაციის ვადები;
– გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
– მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
– საგანთა პრიორიტეტი (საგანთა პრიორიტეტის გათვალისწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი დააგროვებს ერთნაირ საკონკურსო ქულას საგანმანათლებლო პროგრამისათვის გამოყოფილი ადგილების მიჯნაზე).
მაგალითად: კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არის ოცი ადგილი. ცხადია, სწავლის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვოს საუკეთესო შედეგის მქონე ოცმა აბიტურიენტმა, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მინიჭებულ პრიორიტეტული საგნის გამოცდაში.