დირექტორები სკოლებში პოზიტიური გარემოს შესაქმნელად პრაქტიკულ მიდგომებს გვიზიარებენ
10-03-2023

სკოლაში დადებითი, პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო რომ უნდა იყოს, ამაზე სასკოლო საზოგადოება თანხმდება. ამის მისაღწევად კი პედაგოგები და დირექტორები აქტიურად მუშაობენ.

შეიძლება ითქვას, რომ მეგობრული გარემოს შექმნა მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და საინტერესოა, თუ როგორ ახერხებენ ამას. 

etaloni.ge საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. მათ ვკითხეთ - როგორ უნდა შეუწყოს ხელი დირექტორმა სკოლაში მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. როგორც ისინი ამბობენ, სკოლაში მსგავსი გარემოს ფორმირებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის, აქტივობების ჩატარება, პირადი გამოცდილების გაზიარება და სხვა. 

დათო კუტივაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში კოლეგიალური, გუნდური მუშაობის პრინციპსა და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოა. მიმაჩნია, რომ მეგობრული დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემით ყალიბდება. აუცილებელია, აზრის გამოხატვის თავისუფლება, გამჭვირვალობა, საჯაროობა. აუცილებელია, რომ მოსწავლეებსა და პედაგოგებს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ, სხვანაირად სკოლა ვერ იარსებებს. ამ ყველაფერს კი ვცდილობ ხელი შევუწყო და ყველას პირადი მაგალითი მივცე. მოსწავლეთა აზრსა და ინტერესებს ყოველთვის ვითვალისწინებთ.

ანზორ თურაძე, შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რომ სასკოლო საზოგადოებას, პირველ რიგში, დირექტორმა უნდა მისცეს მაგალითი. სკოლაში ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით და ამიტომაც, კომუნიკაცია აუცილებელია. ასევე, საჭიროა სიახლეებთან წვდომა ჰქონდეთ. ჩემი აზრით, მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლეებს მოტივაციას უზრდის. თუ სკოლაში მსგავსი ურთიერთობები არ არის, შედეგის მიღწევა გაჭირდება. ჩემს სკოლაში, ამ მხრივ, ძალიან კარგი მდგომარეობაა. ვცდილობ, რომ ამაში წვლილი მეც შევიტანო.

მერაბ ხარჩილავა, ბათუმის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

მეგობრული გარემოს ჩამოსაყალიბებლად, პირველ რიგში, საჭიროა, რომ სასკოლო საზოგადოებას პირადი მაგალითი დირექტორმა მისცეს. თავის მხრივ, მეგობრული ურთიერთობა შემდგომი არააგრესიული, თანამშრომლობითი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს საწინდარია. დირექტორის მიერ მიწოდებული თვალსაჩინო მაგალითი მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისად მოიქცნენ როგორც თანამშრომლებთან, ისე მოსწავლეებს. ამ მხრივ, ჩვენს სკოლაში ნორმალური ურთიერთობაა, ნამდვილად პოზიტიურ გარემოს ვინარჩუნებთ.

მერაბ ჯიჯელავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველეს ყოვლისა, დირექტორი, ლიდერი, სხვებისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. სწორედ მან უნდა დაანახოს მასწავლებლებს, როგორი ურთიერთობაა საჭირო თანამშრომლებთან თუ მოსწავლეებთან. მნიშვნელოვანია, დირექტორი გაკვეთილების მიმდინარეობას, მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთდამოკიდებულებას აკვირდებოდეს. თუ რაიმე რიგზე არ იქნება, მან პედაგოგი უნდა დააკვალიანოს, უთხრას, როგორ მოიქცეს. ეს საუბარი, რა თქმა უნდა, მეგობრული უნდა იყოს. დირექტორმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა გააკონტროლოს იმისთვის, რომ ის არა დამსჯელობითი, არამედ თანამშრომლობითი და მეგობრული იყოს.

ლია შატაკიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მეგობარი თავად დირექტორი უნდა იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ღონისძიებების გამართვაზე იზრუნოს. ჩაატაროს ისეთი აქტივობა, როგორიც მაგალითად, პოეზიის საღამოა... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსწავლეებისა და პედაგოგების ერთობლივი ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ამით მათ ერთმანეთის მიმართ ნდობა, პატივისცემა უყალიბდებათ. სკოლაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, მასწავლებლები მხოლოდ გაკვეთილის ჩატარებაზე ორინტირებულები რომ არ იყვნენ. მოსწავლე და პედაგოგი ერთმანეთს სხვადასხვა კუთხით უნდა იცნობდნენ. მასწავლებელმა ბავშვი უნდა დაინახოს და პირიქით. ამით კი მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. უნდა გაიმართოს შეხვედრები, ექსკურსიები. მეგობრული გარემო ერთობლივი მუშაობით მიიღწევა.

თინათინ ყალიჩავა, გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში მეგობრული დამოკიდებულება მართლაც რომ საჭირო და აუცილებელია. ასე მოსწავლეები საზოგადოებაში ქცევას სწავლობენ. ამ მხრივ, ჩემი მასწავლებლები ძალიან კარგად მუშაობენ, ყველა კმაყოფილია. მოსწავლეები იმდენად დიდ პატივს სცემენ პედაგოგებს, რომ საკმარისია ერთი მითითება მისცენ და დავალებას მაშინვე ასრულებენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში მიმდინარე სიახლეები „ეტალონის“ დამსახურებააა. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა. თანხა მოსწავლეები სასიკეთოდ უნდა მიმართო, უკან დახევა არ შეიძლება - ამას დღევანდელი ცხოვრება მოითხოვს. ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს, სულ 13 მასწავლებელია, მაგრამ ყველა საკუთარ შვილად მიმაჩნია, ვემეგობრები. მოფერება-მოფერებით ვაძლევ ხოლმე დავალებებს და მეუბნებიან: ისე მოხერხებულად მოგვიდგებით, რომ უკან დასახევ გზას გვიჭრითო. მასწავლებლები უნდა წაახალისო, უმრავლესობას პრემიები მივეცი. ახლა, სააღდგომოდაც ვპირდები, ვინც თავს გამოიჩენს, წავახალისებ. ბევრს ვერ ვაძლევთ - 100 ლარია, მაგრამ რაღაცას მაინც ნიშნავს.

ნათელა გორგაძე, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი:

მსგავსი დამოკიდებულების გარეშე სკოლაში მუშაობა შეუძლებელიცაა, აუცილებელია მეგობრული ატმოსფერო. ამისთვის კი დირექტორის ინიციატივით, ძალიან ბევრი აქტივობის დაგეგმვაა შესაძლებელი. მაგალითად, მასწავლებლებს მოსწავლეებს უნდა შესთავაზონ „ბრაზის თერმომეტრი“, სოკრატესეული დიალოგები, როლური თამაშები, შემოქმედებითი აქტივობები - კომიქსებისა და ილუსტრაციების შექმნა. ყველაზე კარგი კი ექსკურსიები და სადმე ერთად გასვლაა. კარგია, რომ ბავშვებს მალე ავიწყდებათ ის წყენა, რაც დიდებს დიდხანს ამახსოვრდებათ. ჩემს სკოლაში ე.წ. „გადაკიდებული“ მასწავლებელი არ არსებობს. ყველაფერი მოსწავლეების სასიკეთოდ კეთდება. ნებისმიერი მასწავლებლის დამოკიდებულება მეგობრულია. ღონისძიებებიც ერთობლივად ტარდება, რაც ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოვებთ. თანამშრომლებთან მომთხოვნიც ვარ და მეგობრულიც. სიყვარულით უფრო მეტი რამის გაკეთება შეიძლება, ვიდრე ჩხუბით.

ნაირა ქარჩხაძე–გოგაბერიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი:

მეგობრული ატმოსფეროს ჩამოყალიბება აუცილებელია, ეს, შეიძლება ითქვას, სკოლის ერთ-ერთი მოვალეობაა. ამისთვის კი ბევრი აქტივობა არსებობს. პირველ რიგში, მოსწავლეებთან საუბრებსა და ღონისძიებებს გამოვყოფდი. ასევე, ექსკურსიებს, ლაშქრობებს. ამგვარი აქტივობები მოსწავლეების და პედაგოგების დაახლოებას ხელს უწყობს. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს პირადი მაგალითით ვაჩვენოთ, როგორ უნდა იყოს ადამიანთა შორის დამოკიდებულება. აქ, რა თქმა უნდა, უმთავრესი მასწავლებლებს შორის პირადი დამოკიდებულების მაგალითია. ამ მხრივ, ჩემს სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობაა.

ნინო ბურდიაშვილი, გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი:

უმთავრესი თანამშრომლობითი გარემოა. ამაში იგულისხმება არამხოლოდ შიდასასკოლო გარემო, არამედ თემთან, მშობლებთან, სოფელთან ურთიერთობა. უკანასკნელი წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, ყველას ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს. პრიორიტეტს მე, როგორც სკოლის დირექტორი, არაფორმალური განათლების გაძლიერებას ვანიჭებ, რადგან მოსწავლეები უფრო მეტად ვითარდებიან და სოციალიზაციას ხელი ეწყობა. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენი ორიენტირი მოსწავლე - თავისი შინაგანი ბუნებითა და პატარა სამყაროთი, უნდა იყოს. მე ვცდილობ, რომ მშობლებთან კომუნიკაციის გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგას. როდესაც მოსწავლეთა სოციალიზაციაზე, მეგობრულ გარემოზე ვსაუბრობ, ეს ყველაფერი მშობლის გარეშე წარმოუდგენელია. სასკოლო საზოგადოება და მშობლები თუ ერთად იქნებიან, ყველაფერი კარგად იქნება. მოსწავლემ დადებითი განწყობა უნდა დაინახოს.

ნაირა მარტიაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორი და მასწავლებლები მოსწავლეთა ინტერესებს უნდა გაეცნონ და სასწავლო პროცესი იმის მიხედვით დაგეგმონ. შეიძლება სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა, მათ შორის, ლაშქრობების. ასევე, მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო რესურსით უნდა იყვნენ მომარაგებული, რათა აქტივობები გამართონ. პირადად ჩვენ, სკოლაში ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, ტარდება ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს.

ტარიელ ჯიჯიეშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებაზე აქტიურად ვზრუნავთ. ამისთვის მე და პედაგოგები ვმუშაობთ. მასწავლებელს აქვს დავალება, რომ ამ საკითხს გაკვეთილზე რამდენიმე წუთი დაუთმოს. პირადად მე, დამრიგებლებსა და ბავშვებს ვხვდები. ასე რომ, მეგობრული ურთიერთობისა და ერთმანეთის გატანის საკითხი ჩვენთან მოგვარებულია. მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის მეგობრული დამოკიდებულების გარეშე დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.

მაკა ქავთარაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების საკითხში, რა თქმა უნდა, მთავარი როლი დირექტორისაა. მან თანამშრომლებს უნდა გაუგოს და შესაბამისი მიდგომები გამოიყენოს. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მეგობრული დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, ბავშვებთან მიდგომა უფრო რთულია, ვიდრე უფროსებთან. ამიტომაც, მათ უნდა მოვუსმინოთ, მხარი დავუჭიროთ, მათ აზრს პატივი ვცეთ და გავითვალისწინოთ. ახლანდელ ახალგაზრდებს მეგობრული მიდგომა სჭირდებათ და არა მკაცრი. ამ მხრივ, ჩემს სკოლაში კარგი ვითარებაა, რის ჩამოყალიბებასაც მეც ხელს ვუწყობ.

ლავრო კოსტავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი:

მეგობრული გარემოს შექმნა ნებისმიერი დირექტორის მოვალეობაა. ამისთვის მეც მაქსიმუმს ვაკეთებ, ხელს ვუწყობ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ჩემი აზრით, სკოლაში ურთიერთობები სამართლიანობით რეგულირდება. აუცილებელია, რომ ამგვარ დამოკიდებულებას ხედავდეს ყველა. მოსწავლეებსა და პედაგოგებს პატივისცემაზე დაფუძნებული, ნორმალური, ზომიერი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ.

ნინო წილოსანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორს თავად უნდა ჰქონდეს მეგობრული დამოკიდებულება მშობლებთან, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. მოსწავლე დირექტორის ქცევის ყველაზე კარგი შემფასებელია. როდესაც ის ხედავს, რომ ხელმძღვანელი კეთილგანწყობილია, ამაზე მეტი ხელის შეწყობა არ არსებობს. ამას მოსწავლეები ყველაზე კარგად ხედავენ. მე მცირეკონტინგენტიანი სკოლის დირექტორი ვარ. მთელი სასკოლო საზოგადოების მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ძალიან ხშირად გამიგია ჩემთან მიმართებით სიტყვები: ჩემი უფროსი მეგობარი. მე ეს ძალიან მსიამოვნებს.

ნინო გავაშელი, რუსთავის N21 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის საერთო კულტურის ჩამოყალიბებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის თბილი, დადებითი ურთიერთობა უნდა იყოს. რაც სკოლის შემდგომ წინსვლას ხელს შეუწყობს. ამ ყველაფრის ხელშეწყობა კი დირექტორს შეუძლია. მან აქტივობებში მასწავლებლები და მოსწავლეები უნდა ჩართოს, ესაუბროს. ვთვლი, რომ ამ მხრივ, ჩემს სკოლაში კარგი მდგომარეობაა, ყველა პატივს სცემს ერთმანეთს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203