კოხის საჯარო სკოლაში „დედა ენის დღეზე“ მოსწავლეები კალიგრაფიაში შეეჯიბრნენ
24-04-2018
კოხის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ერთმანეთს კალიგრაფიაში შეეჯიბრნენ და ასფალტზე დახატეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ღონისძიება გამართეს. მოზარდებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.