რას ელოდნენ და რა მიიღეს - მასწავლებლები ახალ სქემას აფასებენ
15-03-2023

მასწავლებელთა სქემაში ცვლილება შევიდა. სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის გაუქმდა გარე დაკვირვება და სასკოლო საზოგადოებასთან ინტერვიუირება, თუმცა პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისთვის წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს პროფესიული საქაღალდისთვის შესაბამისი დოკუმენტების შეგროვება მაინც მოუწევთ.

პორტფოლიოს შეფასებამდე მასწავლებლებმა პროფესიული უნარების გამოცდა უნდა ჩააბარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სტატუსს ვერ აიმაღლებენ. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება წამყვანობის მსურველს, რომელიც 60%-იან ზღვარს გადალახავს. მენტორობის მსურველმა კი მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტი უნდა მოიპოვოს.

ახალი სქემის თანახმად, შეიქმნა პორტფოლიოს ორი დონე. წამყვანი მასწავლებლის სტატუსისთვის პედაგოგს პროფესიული საქაღალდე პირველი დონის მიხედვით უნდა შეუფასდეს დადებითად, მენტორობის მსურველმა კი მეორე დონის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

მართალია, ახალი სქემა უკვე გამოქვეყნდა, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რას მოიაზრებს სხვადასხვა დონის პორტფოლიო და კონკრეტულად რომელი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები ევალებათ პედაგოგებს.

ორდონიანი პორტფოლიოს შესახებ მასწავლებლის სახლი პედაგოგებთან შეხვედრებს ჩაატარებს  

etaloni.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ მასწავლებლები სქემის ცვლილებას. რას ელოდნენ და რა მიიღეს? კმაყოფილები არიან თუ არა პედაგოგები ახალი სქემით ან გაუცრუვდათ თუ არა იმედი ცვლილების ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ?

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ნუთუ ამდენი ხანი ამას ველოდეთ?! იმდენ ხანს დუმდა სამინისტრო, მეგონა ძირეული ცვლილებები იგეგმებოდა და ერთხელ და სამუდამოდ პედაგოგებს დაგვაფასებდნენ, მაგრამ არა...ისევ გამოცდები, ისევ პორტფოლიო... თან ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა დოკუმენტებით უნდა გავამდიდროთ პროფესიული საქაღალდე...ახლა რომ გამოაქვეყნეს ახალი სქემა და მარტის ბოლო კვირას ჩანიშნეს მასწავლებლის სახლთან შეხვედრები, რაღა დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე?! ორ თვეში მოასწრებს რომელიმე მასწავლებელი საფუძვლიანად და გულდასმით სტატუსის შესაბამისი დოკუმენტების შექმნას? მიჩნდება ეჭვი, რომ შეგნებულად გვირევენ მასწავლებლებს თავგზას. ბოლო წლებში პროფესიული და კარიერული წინსვლა ისეთი ბუნდოვანი გახადეს, რომ ყველანაირი მოტივაცია გვეკარგება“.

„პირდაპირ გეტყვით, რადგან სქემის ცვლილება დაანონსდა, ვფიქრობდი, რომ მასწავლებლების ინტერესებზე იქნებოდა მორგებული ახალი სქემა. კონკრეტულად კი მეგონა, რომ არჩევანის თავისუფლებას მოგვცემდნენ, სტატუსი აგვემაღლებინა ან გამოცდით ან პროფესიული საქაღალდის შეფასებით. გულდაწყვეტილი ვარ. რად უნდოდა ამ ახალ სქემას ამდენი ფიქრი? რა არის მასში ძირეულად შეცვლილი? გარე დაკვირვების გაუქმებას სჭირდებოდა ამდენი ფიქრი თუ კონკრეტულად რას ვერ წყვეტდნენ აქამდე? ჩვენ მოსწავლეებთან დიფერენცირებულ სწავლებას გვავალდებულებენ, თავად რატომ არ ითვალისწინებენ იმას, რომ ყველა მასწავლებელს მისცენ საშუალება, სასურველი გზით გამოვხატოთ ჩვენი ცოდნა?“

„ველოდი ახალს, მივიღე ძველი. ე.წ. ახალ სქემაში ძირეული ცვლილება არაფერია. მასწავლებლებს უამრავი მოთხოვნა გვქონდა, ზოგიერთი მათგანი პეტიციის სახითაც გამოვხატეთ. მაგ: გვქონოდა არჩევანის საშუალება - გამოცდა ან პორტფოლიო. ჩვენი სურვილი იყო ასევე მენტორობის მსურველებისთვის საგამოცდო ბარიერის დაწევა, საგამოცდო დროის გაზრდა და გარე დაკვირვების გაუქმება. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი ნამდვილად გაითვალისწინეს, თუმცა მხოლოდ ეს არ მგონია საკმარისი. ვფიქრობ, თუ სქემაში მნიშვნელოვანი ცვლილება არაფერი იქნებოდა, დრო აღარ უნდა დაგვეკარგა და ეს სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა გვცოდნოდა.“

„ვერ ვიტყვი, რომ ახალი სქემით უკმაყოფილო ვარ. მახსოვს, წამყვანის სტატუსის მისაღებად როგორ ვნერვიულობდი კვლევაზე, გარე დაკვირვებაზე და როგორ განვიცდიდი, არ დახარვეზებულიყო ჩემი კვლევა. მაღელვებდა გაკვეთილზე უცხო ადამიანის დასწრებაც განა იმიტომ, რომ საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული, არამედ იმიტომ, რომ არ ვიცოდი, როგორი თვალით შემომხედავდა, რამდენად კრიტიკულად იქნებოდა განწყობილი. სულ რომ არაფერი, უცხო ადამიანის გაკვეთილზე დასწრება ერთგვარი უხერხულობაა. ახალი სქემის მიხედვით, გაუქმდა გარე დაკვირვება, სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრება, არც კვლევა მიიჩნევა სავალდებულოდ, თუმცა დამკვიდრდა პროფესიული უნარების გამოცდა. პირადად მე მივესალმები ამ ცვლილებებს, თუმცა ვისურვებდი, უფრო მკაფიო ყოფილიყო ის ვალდებულებები, რასაც ორი დონის პორტფოლიო გულისხმობს.“

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა. საბოლოო ჯამში, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება და პორტფოლიოს შეფასება - სწორედ ეს ორი რამ ევალებათ მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსის ამაღლებას გადაწყვეტენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203