„ეს მეთოდი შედეგიანია“... - დირექტორების რჩევები, როგორ უნდა ჩაერთონ მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში
15-03-2023

სასკოლო აქტივობები მოსწავლეთა შესაძლებლობების წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს. სკოლაში თუ სკოლის გარეთ განხორციელებული სხვადასხვა სახის აქტივობა ბავშვებს ეხმარება, საკუთარ თავში აღმოაჩინონ და აითვისონ ის უნარები, რომელთა სწავლა მხოლოდ წიგნებიდან შეუძლებელია.

თუმცა, ზოგჯერ ყველა მოსწავლისთვის სასკოლო აქტივობები სულაც არაა საინტერესო. მათ  წახალისება და ბიძგი სჭირდებათ, რათა გამოავლინონ შესაძლებლობები.

საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საჯარო სკოლებში. რა სახის აქტივობებს სთავაზობს სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს და როგორ უნდა წაახალისონ მოსწავლეები მონაწილეობა მიიღონ სასკოლო აქტივობებში?

Etaloni.ge აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და საჯარო სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, სკოლებში მრავალფეროვანი აქტივობები ხორციელდება, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან. მათ წახალისებას კი გამარჯვება და კუთვნილი ჯილდო ხელს უწყობს.  

ლევან ვერულიძე, გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობა წარმატებით ხორციელდება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. რაც შეეხება მათ წახალისებას, გვაქვს კათედრის დამტკიცებული დიპლომები, რომლებსაც მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისთვის გადავცემთ, მათ შორის - წიგნები. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლოს „ეტალონის“ მსგავსი შეჯიბრი ჩავატარეთ და გამარჯვებულისთვის საჩუქრად წიგნთან ერთად, „ბროლის ბუ“ დავაწესეთ. მოსწავლეებს მსგავსი ჯილდოები მოტივაციას უმაღლებს, რათა შემდგომ აქტივობებში, იქნება ეს პატარ-პატარა ღონისძიებები თუ ინტელექტუალურ შეჯიბრებები მონდომებით ჩაერთონ.

ნინო ხორგუანი, გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

ჩვენი სკოლის მოსწავლეებს არა მხოლოდ სასკოლო აქტივობებში, არამედ ყველა კონკურსში თანაბრად ვრთავთ, რასაც სხვადასხვა ორგანიზაცია შემოგვთავაზებს. ასევე ისინი კონფერენციებსა და სხვადასხვა კონკურსშიც აქტიურად მონაწილეობენ. მაღალი შედეგები აქვთ როგორც სპორტში, ასევე სხვადასხვა საგანში.

წახალისების მიზნით, მათთვის სიგელებს ჩვენი ხარჯებით ვამზადებთ, ასევე წიგნებსაც ვყიდულობთ, მოტივაცია რომ ავუმაღლოთ. კითხვაში ვატარებთ კონკურს და ამით ვცდილობთ, მოსწავლეებს წიგნისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ. რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები დავაინტერესოთ და მეტად მოტივირებულნი გავხადოთ. თავად ბავშვებიც საინტერესო აქტივობებს გვთავაზობენ. ძალიან განვითარებული თაობაა. რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ინტერესის სფეროებიც განსხვავდება. ყველა თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე გვყავს აქტივობაში ჩართული. ჯგუფური მუშაობა, როცა ტარდება, ცალკე ვესაუბრებით ძლიერ მოსწავლეებს და ვთხოვთ, დახმარება სთხოვონ ე.წ სუსტებს... უთხრან, რომ მათი დახმარება სჭირდებათ და დავალების შესრულებას ვერ ასწრებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მეთოდი ძალიან შედეგიანია. შეიძლება მოსწავლე კონკრეტულ საგანში იყოს ნაკლებად მოტივირებული და განსხვავებული ინტერესები ჰქონდეს, რომელშიც მეტად ძლიერია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მათ ინტერესებსაც შევუთავსოთ აქტივობები.

რაც შეეხება მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას, მათი ნაწილი საზღვარგარეთაა. ბავშვები, ბებიებთან და ბაბუებთან ჰყავთ დატოვებული, მათ კი ამდენი არ შეუძლიათ... ამ მხრივ რთული მდგომარეობაა... ხშირად დაწყებითი კლასის მასწავლებლები დედის როლსაც კი ირგებენ, ბავშვები მათ ეხუტებიან და ეუბნებიან, რომ დედა ენატრებათ. ვფიქრობ, ამ მხრივ სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მშობლები იძულებულნი არ გახდნენ წავიდნენ და შვილები დატოვონ.

ნინო ბეგაძე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ რუსთავის N8 საჯარო სკოლის დირექტორი:

როდესაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებაში წარმატებებს აღწევენ, რა თქმა უნდა, წახალისების ერთ-ერთი საშუალებაა სიგელი, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია გასცემს. მათი წარმატებების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვაქვეყნებთ, რაც წახალისების ერთ-ერთი ფორმაა. რა შეეხება ღონისძიებებს, ჩვენს სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები ტარდება: სპორტული ღონისძიებები, კლუბური მუშაობა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო, სასკოლო ოლიმპიადებს - სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გვთავაზობს

უნდა აღინიშნოს, რომ საკლუბო სამუშაოები სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს...მკითხველთა კლუბი, საბუნებისმეტყველო კლუბი და სამოქალაქო განათლების კლუბი ასაკობრივ ჭრილში გვაქვს შექმნილი და მიუხედავად იმისა, როგორი აკადემიური მოსწრება აქვს მოსწავლეს კლუბურ მუშაობაში ყველა გვყავს ჩართული. მოსწავლეს შეიძლება მაღალი აკადემიური მოსწრება არ ჰქონდეს, მაგრამ კლუბური მუშაობა მისთვის საინტერესო იყოს. 

რაც შეეხება მშობლებს, სასკოლო ცხოვრებაში ისინი აქტიურად არიან ჩართულნი. მაგალითად, შვილებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ ეზოს დასუფთავების აქციაში, ისინი სკოლასთან თანამშრომლობენ იმ კანონის ფარგლებში, რომელიც გავალდებულებს, რომ მშობლები იყვნენ ნაკლებად შეწუხებულნი მატერიალურად.     

ნესტან კაკიტაძე, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ 7 მოსწავლე გვყავს. ყველა ბავშვთან  ინდივიდუალურად გვაქვს შეხება. ღონისძიებებსა და კონკურსებში თითოეულ მოსწავლეს თანაბრად ვრთავთ. მათი წახალისებაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სიგელებს გადავცემთ. დიდი თანხები არ გვაქვს, რომ გრანდიოზული საჩუქრები გავუკეთოთ და დავაჯილდოვოთ ბავშვები... დამრიგებელი აკეთებს პატარა ბარათებს და ჩანაწერებს, რომლებსაც ბავშვებს გადასცემს. მოსწავლეები თავად კითხულობენ სამადლობელ წერილებს და ერთმანეთს მადლობას უხდიან.

ასევე გასვლით გაკვეთილებსაც აქტიურად ვატარებთ. გიორგი ახვლედიანის სახელობისაა ჩვენი სკოლა, რომელიც ჩვენი სოფლის მკვიდრი იყო. დედა ენის დღეს ემთხვევა მისი დაბადების დღე და მოსწავლეები ტრადიციულად, ყოველ წელს გაგვყავს მისი სახელობის მუზეუმში, სადაც ღონისძიებას ვატარებთ... ასევე სოფელში რამდენიმე ეკლესიაა, სადაც მოსწავლეები მიგვყავს. ცდილობთ, ბავშვებს სოფლისა და სკოლის დაარსების ისტორია მაქსიმალურად გავაცნოთ.

დედის დღე, 8 მარტი, 9 აპრილი - მსგავს მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება. როგორც აღვნიშნე, მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და რასაც გვაძლევს რესურსი ვაკეთებთ. აქტივობებში მასწავლებლები არა მხოლოდ როგორც ხელმძღვანელები, არამედ როგორც მონაწილეები, ისე არიან ჩართულნი. მშობლებს, რაც შეეხება, სოფელია და ისინი  დაკავებულნი არიან, შესაბამისად ნაკლებად არიან ჩართულნი. თუმცა, ვცდილობთ, რომ ღონისძიებებს დაესწრონ და ბავშვებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა როგორც მშობლის, ასევე საზოგადოების წინაშე.






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203