დირექტორის მოადგილეები სკოლის დირექციის წარმომადგენლები არიან. თანამდებობის შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების პარალელურად მათ უფლება აქვთ ჩაატარონ გაკვეთილები იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგნის კომპეტენცია დადასტურებული აქვთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დირექციის წევრების დატვირთვა არ უნდა იყოს კვირაში 10 საგაკვეთილო სთ-ზე მეტი.
ვინ ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს და რა შემთხვევაში თავისუფლდებიან ისინი თანამდებობიდან?
დირექტორის მოადგილეს თავად დირექტორი ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს. მოადგილის ძირითადი ფუნქციაა, დირექტორის არყოფნის შემთხვევაში შეასრულოს მისი მოვალეობა. როდესაც დირექტორი ირჩევს მოადგილეს, აუცილებელია მან სარეგისტრაციოდ მონაცემები გაუგზავნოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. რაც შეეხება მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლებას, დირექტორის მოადგილეებს უფლებამოსილება მაშინვე შეუწყდებათ, როდესაც სკოლაში ახალი დირექტორი ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება.
ოფიციალურ დოკუმენტში განმარტებულია, რომ დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველებისთვის სერტიფიცირების მეორე ეტაპი 20 მარტს იწყება. აპლიკანტებმა, რომლებმაც ტესტირების ზღვარი წარმატებით გადალახეს, ამჯერად გასაუბრება უნდა გაიარონ. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი სერტიფიკატს მოიპოვებენ და სკოლებში გამოცხადებულ დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლაში ახალი დირექტორის დანიშვნისთანავე მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდებიან.