საჯარო სკოლები ჯგუფების მიხედვით დალაგდება - „ავტორიზაცია ფურცელი არ არის, რომელსაც მიიღებ და კედელზე გამოაკრავ“
17-03-2023

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კახაბერ ერაძემ სკოლების ავტორიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მოიპოვოს საქმიანობის გაგრძელების უფლება ავტორიზაციის გზით.

„საჯარო სკოლების ავტორიზაცია ცოტა განსხვავებულია, რადგან ზოგადი განათლება, განსაკუთრებით საბაზო საფეხურის განათლების მიწოდება არის სავალდებულო; აქედან გამომდინარე, ავტორიზაციას ნუ განვიხილავთ როგორც ადმინისტრაციულ პროცესს, რომელიც იწყება და მერე სადღაც სრულდება“, - აღნიშნა ერაძემ.

მისი განცხადებით,  ავტორიზებულ სკოლას სტატუსი ენიჭება 6 წლის ვადით და „ამ სივრცეში ადგილის შენარჩუნება გულისხმობს, რომ სკოლა მუდმივად უნდა ესწრაფვოდეს თავისი საქმიანობის გაუმჯობესებას“.

კახაბერ ერაძის განმარტებით, მხოლოდ დოკუმენტები ავტორიზაციისთვის საკმარისი არ იქნება:

„აღსანიშნავია, რომ პირველადი ავტორიზაცია ბევრად მარტივია - ვიგებთ, როგორ აპირებს მუშაობას სკოლა, რა იქნება მისი ხედვა, პოლიტიკა... მაგრამ რეავტორიზაცია უფრო საპასუხისმგებლოა და განვითარებაზეა ორიენტირებული. თუ აქამდე სკოლის ავტორიზაციაზე ზრუნავდა ერთი პირი (ქირაობდნენ იურისტს, სპეციალისტს), რომელიც აწესრიგებდა დოკუმენტებს...  ახლა მხოლოდ დოკუმენტები ვერ იქნება სკოლის წარმატებული ფუნქციონირების გაზომვის ინდიკატორი; სკოლა, ეს არის გუნდი - მენჯემენტი, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და თემი. თითოეული მათგანი უნდა ჩაერთოს ავტორიზაციის პროცესში.

სასკოლო საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რისთვის არსებობს სკოლა კონკრეტულ თემში, მათ შორის საშტატო განრიგი და კედლის ფერიც კი შეიძლება მოარგოს ამ ფილოსოფიას.

სკოლის მისია და ზოგადი განათლების მიზნები დეკლარირებულია მაგრამ სკოლამ თავისი უნიკალობა უნდა დაინახოს იმ თემიდან და რეგიონიდან გამომდინარე, რომელშიც ფუნქციონირებს - არ შეიძლება, საბურთალოს და რაჭის რომელიმე სოფლის სკოლას ჰქონდეს ერთი და იგივე მისია“.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, თუ რა სახის მხარდაჭერას უნდა ელოდნენ თუნდაც მასწავლებლები:

„ეს არის მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროცესი... ავტორიზაცია ფურცელი არ არის, რომელსაც მიიღებ და კედელზე გამოაკრავ. ესაა ხარისხზე ორიენტირებული მართვის კულტურა.

მინდა განვუმარტო სკოლებს: სადიაგნოსტიკო შეფასების კითხვარის შევსება დაწყებულია და წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლა გაივლის დიაგნოსტიკურ თვითშეფასებას, რა დროსაც მნიშვნელოვანია გულწრფელობა.

ავტორიზაციის სტანდარტი არის ჩონჩხი, რომლის გარშემოც ეწყობა სისტემა: სასკოლო კურიკულუმს, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, დირექტორის პროფესიულ განვითარებას თავისი ადგილი აქვს ავტორიზაციის პროცესში.

წლის ბოლომდე ყველა სკოლა გაივლის დიაგნოსტიკურ თვითშეფასებას და მოგვეცემა საშუალება დავეხმაროთ ავტორიზაციის გავლაში.

საბოლოოდ, სკოლები დალაგდება ჯგუფების მიხდვით - ყველაზე მაღალი შესაბამისობის სკოლები 2023 წელს გაივლიან ავტორიზაციას, შედარებით დაბალი შესაბამისობის სკოლები 2024-ში და ყველაზე დაბალი შესაბამისობა სადაც გვექნება, ის სკოლები 2026 წელს ჩაისმება გეგმაში“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203