როგორ დაეხმაროთ მოსწავლეს წარუმატებლობის შიშის დაძლევაში? - რჩევები პედაგოგებისთვის 
22-03-2023

მოსწავლეები გამოწვევებს ყოველდღიურად უმკლავდებიან, მათ აქვთ გარკვეული პრობლემები, მათ შორის, წარუმატებლობის შიშიც. ამ დროს, მნიშვნელოვანია მასწავლებლის მიდგომები, მისი ქცევა და დამოკიდებულება. პედაგოგი მოსწავლეს გაკვეთილის განმავლობაში აკვირდება, ყველაზე კარგად სწორედ მან შეიძლება იცოდეს არსებული პრობლემების შესახებ. 

როგორ უნდა დაეხმაროს მასწავლებელი მოსწავლეს შიშის დაძლევაში? - ამ კითხვაზე პასუხს ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერი სცემს, რომელსაც სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

რაც შეეხება წარუმატებლობის შიშს, ამას ის მოსწავლეები განიცდიან, ვისაც ჰგონიათ, რომ საკმარისად კარგები არ არინ, არაფერს იმსახურებენ და არ უნდათ, რომ გარშემომყოფებს იმედი გაუცრუონ. პრობლემის სათავე შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს, თუმცა ძირითად შემთხვევაში, ეს ოჯახიდან მოდის. მათ ხშირად ეუბნებიან, რომ თუ ბევრს იშრომებენ, მოინდომებენ, კონკრეტულ შედეგამდე მივლენ, მაგრამ ხშირად, ეს ასე არ ხდება. სწორედ ამის ეშინიათ ბავშვებს - იმის დანახვის, რომ ვიღაცას იმედი გაუცრუეს. ისინი არა საკუთარ თავსა და მიზნებზე, არამედ გარშემომყოფებზე ფიქრობენ. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მარტივი არაა, მოსწავლეებთან და მათ ოჯახთან ზოგჯერ ფსიქოლოგის მუშაობაცაა საჭირო. ვითარების გამარტივება მასწავლებლებსაც შეუძლიათ, ამისთვის, თავდაპირველად, ბავშვს უნდა დააკვირდნენ და პრობლემა აღმოაჩინონ. შემდეგ კი სხვადასხვა გზას მიმართონ.

„ამ სინდრომს მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ რაც მთავარია, ეს იმიტომ ხდება, რომ არავინ გვასწავლიდა წარუმატებლობას და ჩვენ არასოდეს გვისწავლია როგორ გავუმკლავდეთ მას“,- წერს ბლოგერი.

ეს მდგომარეობა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, სწავლის ხარისხზე პირდაპირ აისახება. მოსწავლეები ყოველდღიურად ისედაც ბევრს სწავლობენ, შრომობენ და ამას თან შფოთვა თუ დაერთვება, მათ ცხოვრება გართულდება. 

მასწავლებელს მოსწავლის დახმარება შემდეგი მეთოდებით შეუძლია:

  • წაახალისეთ მოსწავლეები, რომ კლასში ისაუბრონ, თანაკლასელებთან კონტაქტი უნდა დაამყარონ, აზრები გაუზიარონ. მნიშვნელოვანია, რომ მათ მსმენელი, გულშემატკივარი ჰყავდეთ, თუნდაც ისეთი, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. 
  • მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცით ახალი რაღაცები გამოსცადონ, ჩართეთ კვლევებში, აქტივობებში. ეცადეთ, რომ კომფორტის ზონის მიღმა აღმოჩნდნენ. დავალება შეიძლება ჯგუფურიც იყოს, რათა პასუხისმგებლობა გაინაწილონ. 
  • დაანახეთ, რომ წარსული წარუმატებლობა, მომავლისთვის შანსია. ეს კარგი მაგალითია იმისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა იგივე შეცდომა არ დაუშვას. ანდაც, მცირე წარუმატებლობა დიდ ტრაგედიად არ აღიქვას და მიზნისთვის ბრძოლა გააგრძელოს. 
  • როდესაც მოსწავლეს წარუმატებლობის ეშინია, მასწავლებელი მის მიმართ მომთმენი უნდა იყოს, უნდა გაუგოს და დაეხმაროს. 
  • მოუყევით მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ცხოვრებაში დაბრკოლებებს გაუმკლავდნენ. 
  • ეცადეთ მისი ძლიერი მხარეები წინ წამოწიოთ და ასევე, დაინახოთ რა არის გამოსასწორებელი. 
  • აუცილებელია, რომ კლასში კეთილგანწყობა იყოს. ეს ოთახი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვი თავს არაკომფორტულად იგრძნობს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ზედმეტები არ არიან და მასწავლებლის იმედი ჰქონდეთ. 
  • წაახალისეთ ისინი, უთხარით, რამდენად მნიშვნელოვნები არიან, ცხოვრებაში მათი როლი დაანახეთ
მოცემული გზებით შესაძლებელია, რომ მოსწავლეების მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ საკუთარი თავის უნდა სწამდეთ და წარუმატებლობა მხოლოდ გაკვეთილად მიიღონ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203