მასწავლებლები გაკვეთილებს წინასწარ გაწერილი წლიური გეგმის მიხედვით ატარებენ. პედაგოგები ჯერ კიდევ სასწავლო წლის დაწყებამდე ადგენენ გეგმას სახელმძღვანელოს მიხედვით, თუ რამდენი საათი უნდა დაეთმოს თითოეულ თემას. შედგენილი კურიკულუმით კი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ხელმძღვანელობენ.
სავალდებულოა თუ არა ყოველდღიურად გაკვეთილის გეგმის შედგენა და კათედრაზე ამ გეგმების წარდგენა? - ეს პედაგოგების მიერ ერთ-ერთი ხშირად დასმული კითხვაა, რაზეც სამინისტრო შემდეგნაირად პასუხობს:
„გაკვეთილის გეგმა მასწავლებელს ეხმარება იმუშაოს შედეგიანად, გაანალიზოს შესრულებული სამუშაო, რათა მომავალში გააუმჯობესოს იგი. შეუძლებელია მასწავლებელი მომზადების გარეშე შევიდეს გაკვეთილზე. მოსამზადებელ პერიოდში იგი ადგენს გაკვეთილის გეგმას, რომელიც შეიძლება სქემატურად იყოს გაწერილი. კათედრებმა თავად უნდა დაადგინონ და შეათანხმონ პედაგოგებთან, არის თუ არა საჭირო გაკვეთილის გეგმების კათედრაზე ჩაბარება. გაკვეთილის გეგმის მხოლოდ ჩაბარებას და კათედრაზე მათ მოგროვებას აზრი არ აქვს, თუ ისინი არ განიხილება გაუმჯობესების მიზნით. კათედრაზე მუშაობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს“.
შეგახსენებთ, რომ გარდა გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვისა, შედგენილი გეგმები და შემდეგ ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია მასწავლებლებს პროფესიული საქაღალდის გასამდიდრებლად და სტატუსის ასამაღლებლადაც გამოადგებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაკვეთილის გეგმები მასწავლებლების მეთოდურ სახელმძღვანელოებშიცაა წარმოდგენილი, რაც პედაგოგს ეხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეს და წარმართოს სასწავლო პროცესი, თუმცა მასწავლებელს შეუძლია, მეთოდურ სახელმძღვანელოებში მოცემული გეგმა უფრო დახვეწოს, გაამრავალფეროვნოს და გაკვეთილი თითოეულ ბავშვზე მორგებული გახადოს.