მოსწავლეთათვის მოტივაციის ამაღლება და სწავლისადმი წყურვილის გაღვივება მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთული საკითხია. თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. ზოგს, მოტივაციას სიტყვით შექება უმაღლებს, ზოგიერთის აკადემიურ მოსწრებას კი ნიშნით წახალისება აუმჯობესებს.
საინტერესოა, ამ მხრივ რა ხდება სკოლებში. რას ფიქრობენ საჯარო სკოლის დირექტორები, არის თუ მათთვის მოსწავლის ნიშნით წახალისება მისაღები და შედეგიანი?
აღნიშნული კითხვებით Etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, მათი დიდი ნაწილი ემხრობა ნიშნით წახალისებას და ფიქრობს, რომ ეს მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, თუმცა ნაწილს მიაჩნია, რომ მთავარია ობიექტურობა და განმავითარებელი კომენტარი, რომელიც ბავშვებს მასწავლებელთა მიმართ ნდობით განაწყობს.
მარეხი გიორგაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეთა ნიშნით წახალისება მისაღებია, მაგრამ ბავშვს გააჩნია. ზოგს მოტივაცია აუმაღლდება თუ წაახალისებთ, ზოგს არა. ვინც სწავლას ცდილობს უნდა მოუმატო, მაგრამ მოსწავლეს, რომელსაც მცდელობაც არ აქვს მომატებული ნიშანი გაამართლოს, ასეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს. ზოგი უფრო მეტს ითხოვს, არ იცის, არ შეუძლია, მაგრამ მაინც ითხოვს. თუ მოსწავლე აქტიურია ღირს წახალისება. ვისაც უმოქმედოდ უნდა ნიშნის მომატება ამ შემთხვევაში - არა. თითოეულ მოსწავლესთან განსაკუთრებული მიდგომა უნდა გქონდეს, რომ სხვებს უსამართლობის გრძნობა არ გაუჩნდეთ. კლასის წინაშე, სხვა ბავშვებთან ერთად უნდა მოუმატო ნიშანი. მე პირადად მქონია ასეთი შემთხვევა, რომ კლასის წინაშე მითქვამს: „მოდით, მოვუმატოთ ქულა და ვნახოთ რას გააკეთებს“, ამას შედეგი ნამდვილად ჰქონია....
რამაზ ლომიძე, ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ნიშნით წახალისება მოსწავლეს სტიმულს ნამდვილად აძლევს, მაგრამ სისტემატურად ამ მეთოდის გამოყენება ბავშვის სიზარმაცეს უფრო უწყობს ხელს. როდესაც მოსწავლეს ქულას ვუმატებთ, ამას უნდა ახლდეს განმსაზღვრელი კომენტარი.
მე მყავს ზუსტად ასეთი მოსწავლე, რომელთანაც ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს. არა მარტო ნიშანი, არამედ პატარა კომენტარი, ელემენტარული შექება, ძალიან კარგად მოქმედებს. ასევე, როდესაც მოსწავლეს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს, გაკვეთილის მიღმა თემაზე ვიწყებ საუბარს და აქტიურად ვრთავ დიალოგში. კომენტარს ვუკეთებ, რომ ამა თუ იმ საკითხში კარგად ერკვევა. შემდეგ გაკვეთილზე კი უფრო აქტიურია. ვუკონკრეტებ, თუ რატომ ვუმატებ ქულას. ეს დადებითად აისახება მასზე, შემდეგში ორმაგად ინდომებს და შედეგიც აქვს, ცდილობს აკადემიური მოსწრება გააუმჯობესოს.
წახალისებას აუცილებლად უნდა ახლდეს განმავითარებელი კომენტარები და ეს უნდა იყოს ზომიერი...
ლევან გოგიტიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოტივაციის ამაღლების მიზნით, მოსწავლის ნიშნით წახალისება ჩემთვის მისაღებია. ეს სხვა მოსწავლეებში უსამართლობის გრძნობას არ აჩენს, მათ ისედაც ექნებათ მაღალი შეფასება. ჩვენთანაც იყენებენ მასწავლებლები ამ მეთოდს. გააჩნია მოსწავლის ქცევას, მონდომებას, ყველას თავისი მეთოდი აქვს. ზოგი უმატებს... ეუბნებიან: „დღეს წაგახალისებ, ნიშანს მოგიმატებ იმისთვის, რომ შემდეგში უკეთესად ისწავლო“.
ნატალია ფუხაშვილი, თბილისის N217 საჯარო სკოლის დირექტორი:
მოტივაციის ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს ნიშნით ვახალისებთ, რაც შედეგიანია. განვმარტავთ, თუ რატომ ვუწერთ შედარებით მაღალ ქულას. ამას, რა თქმა უნდა, ხშირი ხასიათი არ აქვს. ანალოგიური მიდგომა გვაქვს ყველა მოსწავლესთან. ვინმე რომ გამოვარჩიოთ, ასე არ ხდება, ამიტომ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს უსამართლობის გრძნობა არ უჩნდებათ.
გიორგი სახვაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
მოსწავლის ნიშნით წახალისება ჩემთვის მისაღებია. ამას შედეგი, რა თქმა უნდა, აქვს. უფროსებსაც უხდება წახალისება და მოსწავლეს, მით უმეტეს. ასეთ დროს მასწავლებელი მცირე კომენტარს აკეთებს, თუ რატომ მოუმატა ნიშანი... მასწავლებელს ეს ობიექტურობას საერთოდ არ უკარგავს, რადგან განიმარტება, რომ ეს წახალისების მიზნით ხდება.
ნუგზარ ჩალათაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლის დირექტორი:
დიახ, მოსწავლე შეიძლება ზოგჯერ ნიშნით წავახალისოთ, თუმცა უნდა დავაკვირდეთ რა შედეგი ექნება მათთან ასეთ მიდგომას. ზოგჯერ ამას დადებითი შედეგი აქვს და ბავშვს სურვილი უჩნდება უკეთესად მოემზადოს და ისწავლოს. ეს ფრთხილად უნდა გავაკეთოთ და მუდმივი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს ამ ქცევას.
გურამ კელენჯერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლის დირექტორი:
მასწავლებელი ასეთ მეთოდს - ნიშნით წახალისებას ყოველთვის იყენებს. შედეგი ამას ყოველთვის აქვს. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ. მათ ზუსტად უნდა უთხრა რისთვის წაახალისე. ერთს თუ წაახალისებ, სხვასაც უნდა მოუმატო ქულა, თუმცა ეს მოზომილად უნდა გააკეთო.
ელისო ირემაძე, ქუთაისის N13 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
ნიშნით მოსწავლის წახალისება ჩემთვის მისაღებია, ეს ახალი მეთოდი არ არის. მასწავლებლები ყოველთვის ცდილობენ, წაახალისონ მოსწავლეები. ხშირ შემთხვევაში შედეგიანია ეს მეთოდი, თუმცა ამას მრავალჯერადად ვერ გააკეთებ... ასევე ვფიქრობ, განმავითარებელი შეფასება ყველაზე ობიექტურია. ბავშვებს ვეუბნები, რა აქვთ გაკეთებული სწორად, რა არა და რა შეუძლიათ, რომ გამოასწორონ. ეს უფრო მართებულად მიმაჩნია, ვიდრე 10 ქულის დაწერა. ამით ხვდება ბავშვიც, რა აქვს გამოსასწორებელი.