შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სასკოლო დიაგნოსტიკური შეფასებების მოდელის დანერგვის მიზნით, მასწავლებლებთან ორკვირიანი სამუშაო შეხვედრები ჩატარდება, რათა მათ შეისწავლონ ტესტური დავალებების შექმნის მეთოდოლოგია ცენტრის ექსპერტებთან ერთად.
ცნობილია ისიც, რომ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეული კონსულტანტი, რის გამოც სამუშაო ენა იქნება ინგლისური. ამდენად, ტრენინგებში მონაწილეობისთვის ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
მსურველებს მოეთხოვებათ პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობისა და ბიოგრაფიის (CV საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) წარმოდგენა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: naec@naec.ge
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხოური ენა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.
წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ იმ კონკურსანტებს, რომლებიც წარმატებით გადალახავენ განაცხადების გადარჩევის ეტაპს, ჩაუტარდებათ ტრენინგები 2023 წლის 3 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება დღეში დაახლოებით 6 საათი (მცირე შესვენებებით).
შეხვედრების დასრულების შემდეგ შერჩეულ მონაწილეებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულებები.
რა სახის შრომით ხელშეკრულებებზე საუბარი? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა, სადაც განმარტეს, რომ სკოლებში ტარდება შეფასება განვითარებისთვის; სწორედ აღნიშნული დიაგნოსტიკური ტესტირებისთვის მოუწევთ გადამზადებულ მასწავლებლებს ტესტური დავალებების შემუშავება და ამაში ანაზღაურებასაც მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 27 მარტი.