„ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს, მეტი დაფასება, სოციალური გარანტია, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ მათ“ - გიორგი ამილახვარი
26-03-2023
„ყველაფერი საუკეთესო უნდა შევუქმნათ ჩვენს შვილებს. დაწყებული სკოლის ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული მასწავლებლის მხარდამჭერი ღონისძიებებით. მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტიები, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ მათ. ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ, დღეს, უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისკენ არის პროფესიული განათლება, ასევე იგეგმება ევროპაში სწავლის გაგრძელების მსურველთა მხარდაჭრა.
„ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება. ყველაზე მოკლე გზა დღეს დასაქმებისკენ ეს არის პროფესიული განათლება. ვგეგმავთ, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მეტ სტიმულირებასა და კიდევ მეტ მხარდაჭერას, რაც უკავშირდება სწავლის გადასახადს, საცხოვრებელი პირობების მხარდამჭერ მექანიზმებს, ვისაც ეს სჭირდება. ასევე წარჩინებული, მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის მეტი სასტიპენდიო მექანიზმების შეთავაზებას“,- აღნიშნა ახლადდანიშნულმა მინისტრმა.