სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებლებმა საკუთარ პროფესიულ საქაღალდეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს თავად უნდა წარუდგინონ.
პორტფოლიოს მეშვეობით, მასწავლებელმა საკუთარი პრაქტიკული საქმიანობა უნდა წარმოაჩინოს. თუ რა სახის დოკუმენტაციით უნდა შეივსოს პედაგოგის პროფესიული საქაღალდე, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტში ეს აღნიშნული არაა, თუმცა განმარტებულია, რომ მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში და მან თავად უნდა შეარჩიოს, რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს წარსადგენად.
სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლის პორტფოლიოს ექსპერტთა ჯგუფის წევრები წინასწარ შეისწავლიან, შემდეგ კი პროფესიული საქაღალდის პრეზენტაციას თავად პედაგოგი წარადგენს. როგორც სკოლებისთვის გაგზავნილ დოკუმენტშია აღნიშნული, პორტფოლიოს პრეზენტაცია მოხდება ონლაინ ან პირისპირ ფორმატით.
რა შემთხვევაში მოუწევთ მასწავლებლებს პორტფოლიოს დაცვა პირისპირ? - პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე კითხვას მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებმა უპასუხეს და განმარტეს, რომ პროფესიული საქაღალდის პირისპირ დაცვა მაშინ იქნება საჭირო, თუ სკოლას ინტერნეტი არ აქვს და პედაგოგთან ონლაინ გასაუბრება შეუძლებელი აღმოჩნდება. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია, სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებელი პორტფოლიოს წარსადგენად გამართულ ონლაინ შეხვედრაზე სკოლიდან ჩაერთოს და არა სხვა სივრციდან.