დირექტორი ყველა წამოწყებისა და სიახლის სათავეში უნდა იდგეს - სკოლის ხელმძღვანელები ლიდერი დირექტორის თვისებებზე საუბრობენ
29-03-2023

სკოლის განვითარებაში უდიდესი როლი დირექტორებს ეკისრებათ, ისინი წარმატების მისაღწევად ყოველდღიურად მუშაობენ - სიახლეებს ნერგავენ, მოსწავლე-მასწავლებლების საჭიროებებს ეცნობიან და მათ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს სთავაზობენ.

საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი სკოლის ხელმძღვანელის როლს, ფუნქციასა და მახასიათებლებს არეგულირებს. სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც ლიდერის, უმთავრესი მიზანი მოსწავლეთა აღზრდის, აკადემიური და პიროვნული განვითარებისათვის პროცესების ეფექტიანად წარმართვაა.

სკოლის მართვაში დირექტორი თანამედროვე მიდგომებს, მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ კონტექსტს, არსებულ გამოწვევებსა და სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს უნდა ითვალისწინებდეს - ეს დირექტორის სტანდარტში წერია. 

საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად სკოლების ხელმძღვანელები, როგორი წარმოუდგენიათ ლიდერი დირექტორი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას? - ამ კითხვით მათ etaloni.ge-მ მიმართა. 

გურანდა საჯაია, ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, ლიდერი დირექტორი სასკოლო ცხოვრების ყველა საკითხში უნდა ერკვეოდეს. მას სკოლის მაჯისცემა უნდა ესმოდეს. სკოლა ხომ პატარა ოჯახია, სახელმწიფოა, ჩვენ კი მის ფუნქციებში უნდა ვერკვეოდეთ - ვიცოდეთ, როგორ მოვუტანოთ წარმატება, როგორ შეიძლება სუსტი წერტილები აღმოვფხვრათ და სიძლიერედ ვაქციოთ. გარდა ამისა, ლიდერმა დირექტორმა მასწავლებლების მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ტრენინგი თუ ღონისძიება უნდა ჩაატაროს, ასევე, წაახალისოს.

ასევე, მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართვა, მათი დაინტერესება უნდა უზრუნველყოს. აუცილებელია, რომ მათ ინტერესებს მოვერგოთ, მათ განვითარებაზე ვზრუნავდეთ, საზოგადოებაში რეალიზების გზები დავანახოთ და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარული ვასწავლოთ.

მანანა მათეშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, ლიდერი დირექტორი პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და მეგობრული უნდა იყოს, რადგან ამ თვისებებს თვითონ თუ არ გამოავლენს, პასუხისმგებლობის აღებას სხვასაც ვერ მოსთხოვს. აუცილებელია, რომ დირექტორი სიახლეების ძიებით დაინტერესებული იყოს როგორც სხვა ნებისმიერ საქმეში, ისე სასწავლო პროცესში. დაუსვამთ კითხვა - დირექტორი გაკვეთილებს უნდა ატარებდეს თუ არაო - ძალიან ბევრი ამბობს, რომ სკოლის ხელმძღვანელს ამის დრო არ აქვს. დიახ, დროის დეფიციტი ნამდვილადაა, მაგრამ დირექტორი თუ თვითონ არ ატარებს გაკვეთილებს, არ იყენებს სხვადასხვა მეთოდსა და აქტივობას, ვერც სხვისგან მოითხოვს და ვერც გაიგებს, რეალურად რა ხდება. გარდა ამისა, აუცილებელია, საქმის გადანაწილება შეეძლოს და სკოლაში მონიტორინგსაც აწარმოებდეს.

დირექტორს ბავშვები ძალიან უნდა უყვარდეს - ეს ჩემი აზრით, მთავარი კომპონენტია. ამის გარეშე ის უკუკავშირს ვერ მიიღებს. გარდა ამისა, სკოლის ლიდერი ხელმძღვანელი მეგობრული უნდა იყოს, მოსწავლეთა სურვილების, პრობლემების გაგება, მათთან საუბარი და გამოწვევებთან გამკლავება შეეძლოს. დირექტორს ბავშვებთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, პრიორიტეტები ისინი არიან. მან იმისთვის უნდა იშრომოს, რომ სასკოლო საზოგადოება ერთიანი, შეკრული იყოს, ისინი ერთმანეთს პატივს უნდა სცემდნენ. დირექტორმა პრობლემა ისე უნდა მოაგვაროს, რომ რომელიმე მხარე არ დაზარალდეს - რომელიმეს გული არ ეტკინოს, არ ეწყინოს.

ზვიად ველიაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის ყველა თვისება ახალი თაობის ინტერესების უზრუნველყოფისაკენ უნდა იყოს მიმართული. ლიდერობის ყველა გამოვლინების უკან ერისა და ქვეყნის წინაშე, ეგოსგან დაცლილი, პასუხისმგებლობა უნდა იმალებოდეს. ამიტომ, ყველაზე აუცილებელი თვისება ბავშვის სამყაროსთან წვდომა და დანარჩენი სამყაროს იქედან დანახვაა. მოსწავლეებთან ამ ყველაფერზე დაფუძნებული ურთიერთობა შემოქმედებითი ზრდის პროცესს განაპირობებს. მასწავლებლებთან ურთიერთობა კი, ალბათ, თითოეულ მათგანში დანახულ ღირსებებს უნდა ეყრდნობოდეს. აქ წინა პლანზე საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა იყოს. სინამდვილეში, დღეს ჯანსაღი კონკურენციის დეფიციტია, რაც მეტად მძიმეა ერთი ნაწილისთვის და გაუგებარია მეორე ნაწილისთვის. 

ცისანა ჩარკვიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ლიდერი დირექტორი ყველასთან - მოსწავლე-მასწავლებლებთან კომუნიკაბელური უნდა იყოს. მას გამორჩეული თვისებები უნდა ჰქონდეს, აუცილებელია, ყველა წამოწყებისა და სიახლის სათავეში იდგეს. საჭიროა, განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს ეცნობოდეს და ინფორმაციას მასწავლებლებსაც აწვდიდეს. ყველაზე მთავარია, რომ სკოლის, მოსწავლეების, პედაგოგების განვითარებაზე ზრუნავდეს. სკოლას თუ რამე სჭირდება, უნდა ეცადოს და უზრუნველყოს. დირექტორი მოსწავლეთა ინტერესებს მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს, ჩვენ სკოლაში სწორედ ასე ვიქცევით.

ნუნუ თოშხუა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლის დირექტორი:

ლიდერი დირექტორი პიროვნულად სამართლიანი, ყოველმხრივ განვითარებული, ბავშვებსა და ადამიანებზე უსაზღვროდ შეყვარებული, პრინციპული, შრომისმოყვარე უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან მეგობრული, სიყვარულით გაჯერებული ურთიერთობა დაამყაროს. დირექტორს მოსმენა უნდა შეეძლოს, ნათქვამის გაანალიზება - ესაა მთავარი თვისება. სკოლის ხელმძღვანელმა ყველა კითხვას, სხვების დახმარებით ან პიროვნულად, კომპეტენტური პასუხი უნდა გასცეს. აუცილებელია, რომ დირექტორი სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე ზრუნავდეს.

მურადი ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩემი აზრით, პირველ რიგში, დირექტორი თანამშრომლებთან მეგობრული უნდა იყოს. რაც შეეხება მოსწავლეებთან ურთიერთობას, მათთან ყოველდღიური კავშირი უნდა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, ბავშვებს შენიშვნა ისე მისცეს, რომ თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ. თუ რაიმე სათქმელი აქვს, ეს ცალკე უნდა უთხრას და არა ყველას თანდასწრებით. ასევე, ინდივიდუალურად უნდა გაესაუბროს მშობლებს. ლიდერ დირექტორს სწორედ მეგობრული დამოკიდებულება გამოარჩევს. მე პირადად, მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მათთან ბურთსაც ვთამაშობ ხოლმე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203