„დირექტორი პედაგოგების აზრს უნდა ითვალისწინებდეს და მათ რეპუტაციაზე ზრუნავდეს“- სკოლის ხელმძღვანელები ლიდერი დირექტორის თვისებებს ასახელებენ
30-03-2023

დირექტორებს სკოლის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ, მათი მოვალეობა სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა, სასკოლო კულტურის განვითარება და ადამიანური რესურსების მართვაა. 

ისინი ლიდერები არიან, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას მაგალითს აძლევენ, მასწავლებლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს ეცნობიან, მათ განვითარებაზე ზრუნავენ და განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს სკოლაში წარმატებით ნერგავენ. 

საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად სკოლების ხელმძღვანელები, როგორი წარმოუდგენიათ ლიდერი დირექტორი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას? - ამ კითხვით მათ etaloni.ge-მ მიმართა. 

როენა ფიფია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველეს ყოვლისა, ლიდერი დირექტორი ჰუმანური უნდა იყოს, თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობდეს და ბავშვები უყვარდეს. მისი სიყვარული კი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გადამდები იყოს. დირექტორი სკოლის განვითარებისთვის ყველაფერს უნდა აკეთებდეს, ცდილობდეს, რომ სასკოლო საზოგადოება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს მოარგოს. დღეს ბავშვები სხვანაირები არიან, ჩვენ წინაშე სხვადასხვა გამოწვევაა და ცხოვრებას თუ ჩამორჩი, მოსწავლეებთან იმას ვერ მიიტან, რაც საჭიროა.

აუცილებელია, რომ დირექტორი მოსწავლეთა ინტერესებს ითვალისწინებდეს და ისე მოქმედებდეს. ყველანაირად უნდა ცდილობდეს, თითოეულ ბავშვთან მივიდეს, მის შესახებ ინფორმაცია გაიგოს და შინაგან სამყაროს ჩაუღრმავდეს. სკოლაში დაგეგმილი ყოველი აქტივობა მოსწავლეთა ინტერესებსა და მოთხოვნებს უნდა მოერგოს. ბოლოს, რაც მთავარია, სკოლა დირექტორისთვის მეორე ოჯახი უნდა იყოს.

ლონგინოზ თოდუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში დირექტორზე უამრავი რამაა დამოკიდებული. მან მოსწავლე-მასწავლებლების განვითარება, სიახლეების დანერგვა, სასკოლო საზოგადოების აქტიურობა უნდა უზრუნველყოს. სკოლის ხელმძღვანელი უნდა ეცადოს, რომ პედაგოგებს განათლების სფეროში არსებული სიახლეები გააცნოს, მათზე წარმოდგენა შეუქმნას, ასევე დემოკრატიული გარემო შექმნას. მოსწავლეებთან ურთიერთობას რაც შეეხება, მათი ინტერესები უნდა გაითვალისწინოს, გაუგოს და თუ საჭიროა, შესაბამისი აქტივობების განხორციელებაც უზრუნველყოს.

ლალი ონიანი, დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მე მცირეკონტინგენტიანი სკოლის დირექტორი ვარ, თანაც დროებით სხვა შენობაში ვართ - ამიტომაც, ჩვენს წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორი სკოლის სახეა, ის სასკოლო საზოგადოების საჭიროებებს უნდა ითვალისწინებდეს. ხელმძღვანელი როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს. მოსწავლეთა განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია. დირექტორმა თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო უნდა შექმნას. აუცილებელია, სკოლაში პროცესები ისე წარმართოს, რომ მასწავლებელთა გუნდი პროფესიულ წინსვლაზე ზრუნავდეს. ჩვენ მოსწავლეთა ინტერესებს ყოველთვის ვითვალისწინებთ, მათთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს - მეც ამ პრინციპით ვმოქმედებ. დამრიგებლები თავიანთი კლასის მოსწავლეებს ისე ეპყრობიან, როგორც მშობლები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დირექტორს მშობლებთანაც მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს.

ვიქტორ მურადიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის დირექტორი: 

ლიდერ დირექტორს ბავშვებთან კარგი ურთიერთობა, ხშირი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს. მოსწავლეებთან გასაუბრება აუცილებელია - მათი შესაძლებლობები, საჭიროებები უნდა იცოდეს. მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელთან და მშობლებთან თანამშრომლობა. აუცილებელია, ლიდერი დირექტორი სკოლის საჭიროებებს იცნობდეს. მან მოსწავლეთა ინტერესები, აზრი და შესაძლებლობა უნდა გაითვალისწინოს. დირექტორი დიქტატორი არ უნდა იყოს და სკოლაში დემოკრატიული გარემო ჩამოაყალიბოს.

ლოდიკო აკობია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორი საკვანძო ფიგურაა, რომელიც სკოლაში განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების წარმატებით დანერგვას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ლიდერი დირექტორის თვისებები ასეთია: კომპეტენტური, კომუნიკაბელური, სასკოლო საზოგადოების მიმართ პატივისცემით განწყობილი. მისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღებისას გამბედაობა და პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრის უნარი.

გარდა ამისა, ჩემი აზრით, სკოლის ხელმძღვანელს სტერეოტიპებთან გამკლავება უნდა შეეძლოს და ასევე, თვითგანვითარებაზე იმუშაოს, ის დროს არ უნდა ჩამორჩეს. ვფიქრობ, მისთვის პედაგოგიური გამოცდილება აუცილებელია. საჭიროა მასწავლებლებთან თანამშრომლობა, დემოკრატიული მიდგომები, მათ ხელს უნდა უწყობდეს, საჭირო ინფორმაციასა და რესურსებს აწვდიდეს. დირექტორი წლიური გეგმის შედგენისას პედაგოგების აზრს უნდა ითვალისწინებდეს და მათ რეპუტაციაზე ზრუნავდეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203