მასწავლებლებს, რომლებმაც წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა ჩააბარეს, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისთვის დაწესებულ ვადაში დეკრეტულ შვებულებაში იქნებიან, სტატუსის ცვლილების საშუალება არ მიეცემათ.
მასწავლებლის სახლის წარმომადგენლების განმარტებით, წამყვანის ან მენტორის სტატუსზე წარდგენის უფლება ექნება მხოლოდ მოქმედ მასწავლებელს, რომელიც სკოლაში იქნება დასაქმებული და პორტფოლიოს წარდგენისა და შეფასების პერიოდში არ იქნება დეკრეტულ შვებულებაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელს წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე მიღებული ქულა უვადოდ ენახება და პრაქტიკული საქმიანობის შესაფასებლად ცენტრის წინაშე წარდგენა იმდენჯერ შეუძლია, სანამ სასურველ სტატუსს არ მიიღებს.
პედაგოგისთვის არც სტატუსის ამაღლების გამოცდაზე გასვლის რაოდენობაა შეზღუდული, მასწავლებელს შეუძლია, გააუმჯობესოს პროფესიულ უნარებში უკვე მიღებული შედეგი და გამოცდაზე იმდენჯერ გავიდეს, სანამ სასურველ ქულას არ მოიპოვებს.