მოსწავლის ცემის გამო პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს - დირექტორი etaloni.ge-ს დეტალებზე ესაუბრა
30-03-2023

გორის მუნიციპალიტეტის ფლავის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან მოსწავლის ცემის გამო გაათავისუფლეს.

საქმე ის გახლავთ, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას პედაგოგმა მეშვიდე კლასის მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რაც ბავშვებმა გადაიღეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სწორედ ვიდეოჩანაწერის შედეგად მიეცა საქმეს მსვლელობა, სკოლამ შსს ჩააყენა საქმის კურსში და დისციპლინურმა კომიტეტმა საქმის მოკვლევაც დაიწყო.

etaloni.ge-ს, ფლავის სკოლის დირექტორმა თეა გიგუაშვილმა უამბო, რომ პირადად კომიტეტის სხდომებს არ დასწრებია, რადგან ამის უფლება არ აქვს, თუმცა საბოლოო მასალებს გაეცნო.

„ფაქტს არც თავად პედაგოგი უარყოფს, და დისიცპლინური კომიტეტის მოკვლევის შედეგად ვიდეოს ნამდვილობაც დადასტურდა. ამის შემდეგ კომიტეტის რეკომენდაცია იყო მასწავლებლის გათავისუფლება და ასეც მოხდა“, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას თეა გიგუაშვილი.

რაც შეეხება მოსწავლის მშობლის რეაქციას, ქალბატონი თეას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მასწავლებელს იცნობდა, განსაკუთრებული აგრესია რ გამოუვლენია, თუმცა „ფაქტი უდავოდ უსიამოვნოა“.

რაც შეეხება შსს, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, აღიძვრება თუ არა საქმე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203