მასწავლებლის სახლი შეხვედრას 3 საგნის პედაგოგებისთვის ჩაატარებს - დეტალები 
31-03-2023
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 4 აპრილს, 16:00 საათზე გთავაზობთ ვებინარს გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისათვის თემაზე - „საქართველოს დაცული ტერიტორიები“.

საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია თავისი ეკოლოგიური, ლანდშაფტური და ბუნებრივ-კულტურული ღირებულებებით. ხმელეთის ამ პატარა მონაკვეთზე თავმოყრილია ეკოსისტემების განუსაზღვრელად დიდი მრავალფეროვნება. ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და კონსერვაციის მყარი გარანტი - დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაა. ვებინარზე განხილული იქნება საქართველოს დაცული ტერიტორიები, რომელთა საერთო ფართობი დღეისათვის ქვეყნის 13%-ს შეადგენს და მოიცავს 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცულ ერთეულს, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალს, 14 ეროვნულ პარკს, 40 ბუნების ძეგლს, 26 აღკვეთილს, 5 დაცულ ლანდშაფტს და 1 მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას. აქ ფაქტობრივად ხელუხლებლად არის წარმოდგენილი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი საგანძური - ულამაზესი ბუნება და უნიკალური ბიომრავალფეროვნება, მნიშვნელოვანი სახეობები და ბუნებრივი ჰაბიტატები. მათ შენარჩუნებასთან ერთად დაცულ ტერიტორიებს სხვა მრავალი ფუნქციაც აკისრია: მოსახლეობისთვის სუფთა წყლის და ჰაერის მიწოდება, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება, მეცნიერების განვითარება, საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაცია და სხვა.

ვებინარს გაუძღვება:

გეოგრაფიის დოქტორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი - მაია ბლიაძე.

ვებინარის სტუმარი:

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი - ნატო სულთანიშვილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203