რა განსხვავებაა ტირესა და დეფისს შორის და როდის რომელი სასვენი ნიშანი უნდა გამოვიყენოთ?
04-04-2023

ტირე და დეფისი - ეს ორი სხვადასხვა სასვენი ნიშანია. მათი გამოყენების ინსტრუქციაც ერთმანეთისგან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასვენი ნიშნები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, წერისას ისინი ერთმანეთისგან უნდა განირჩეოდეს.

როდის გამოიყენება დეფისი და როდის - ტირე?

დეფისი მოკლე ჰორიზონტალური ხაზია. ის გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • -მეთქიდა -თქო ნაწილაკების დართვისას;
  • რიცხვით სახელებთან, თავსართ-ბოლოსართის დართვისას (მე-5, 115-ე...);
  • გაორკეცებულ ან ნაირფუძიან კომპოზიტებთან (როდესაც მათ შორის „და“ კავშირი არ არის გამოყენებული (მთა-ბარი, დედ-მამა, და-ძმა);
  • უცხოურ გეოგრაფიულ სახელებთან (ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო...)
  • სიტყვის გადატანისას.

ტირეც ჰორიზონტალური ხაზია, თუმცა დეფისზე დიდი ზომის. მისი გამოყენებისას სასურველია წინ და მომდევნო სიტყვებს შორის მანძილის დაცვა, რაც დეფისის გამოყენებისას არ არის აუცილებელი.

ტირე გამოიყენება:

  • შემასმენლის გამოტოვებისას (სოფო მეორე კურსზე სწავლობს, გიორგი - მეოთხეზე);
  • როდესაც შედგენილ შემასმენელში გამოტოვებულია ზმნური ნაწილი (ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა);
  • კავშირის გამოტოვებისას;
  • შერწყმულ წინადადებაში განმაზოგადებელ სიტყვასთან, როდესაც განმაზოგადებელ სიტყვას წინ უსწრებს ერთგვარი სიტყვები (მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს - ყველას ერთი რამ სურდა);
  • ჩართულის გამოსაყოფად მძიმეებთან ერთად (იმ სახლში, - კაცმა მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა ხელი, - სულ ჟრიამულია)
  • ზოგ შემთხვევაში „ეს“ და „ეგ“ ნაცვალსახელების წინ ( ბავშვობა - ეს ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში);
  • ავტორის სიტყვების გამოსაყოფად და დიალოგური მეტყველების დასაყოფად;
  • დიალოგებში პერსონაჟთა ნათქვამის გამოსაყოფად;
  • სიტყვებს შორის, რომლებიც აღნიშნავს რაოდენობის, დროის ან სივრცის მიჯნას (I-VI კლასები, 90-იანი წლები...)
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203