რატომ ტოვებენ მოსწავლეები სკოლას -  სახალხო დამცველის ანგარიში
08-04-2023
მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის სტატისტიკა დასახვეწია  - აღნიშნულის შესახებ სახლხო დამხველის 2022 წლის ანგარიშში ვკუთხულობთ. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წლებთან შედარებით, 2022 წელს მაღალია მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის მაჩვენებელი და აქედან ყველაზე მაღალი ნიშნული თბილისზე (4834), ქვემო ქართლსა (2 301) და აჭარაზე (1 231) მოდის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსწავლეთა შორის, 1831 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, ხოლო 1163-მა მოსწავლემ სკოლებში სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით მიატოვა.

გასულ წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში გაორმაგებულია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სტატუსი „საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების“ საფუძვლით შეუჩერდათ, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ გამოწვევებთან.
 
„კვლავ დასახვეწია მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის სტატისტიკა, რომელიც,რიგ შემთხვევებში, გასული წლების მსგავსად, არ იძლევა სწავლის შეწყვეტის რეალური მიზეზის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, ისეთი საფუძვლების მითითებისას, როგორიცაა „მშობლის განცხადება“ და „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან გამოთხოვილი 2021-2022 წლებში მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების შესახებ წარდგენილი განცხადებების ასლების შეფასებაც“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

ამასთან, ირკვევა, რომ სამინისტროს სტატისტიკაში გამოყოფილი საფუძვლების გარდა, სწავლის მიტოვების მიზეზად ხშირად გვევლინება ოჯახური მდგომარეობა, საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის არქონა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამასთანავე, ბევრია ისეთი განცხადება, რომელშიც მითითებული არ არის სწავლის შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, ემიგრაციასთან დაკავშირებით, გამოიკვეთა ისეთი გარემოებებიც, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, სამკურნალოდ გამგზავრება და საზღვარგარეთ განათლების მიღების გაგრძელება. დამატებით, გამოიკვეთა პირველკლასელი ბავშვების მშობლების მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებების წარდგენის ტენდენცია, რომლის მიხედვით, მათ შვილებს არ ჰქონდათ სასკოლო მზაობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203