მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებას უდიდეს ენერგიას ახმარენ, ისინი სხვადასხვა მიდგომას იყენებენ და გამოწვევებს უმკლავდებიან. მათი მიზანი საერთოა - მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება. როგორც სკოლების დირექტორები ამბობენ, სასწავლო პროცესში არაერთი სირთულე არსებობს, რაც სხვადასხვა საფეხურსის მოსწავლეებთან ურთიერთობისას განსხვევებულია. საქართველოში ზოგადი განათლების სამი - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურია. თითოეული მათგანისთვის ძირითადი ამოცანები და მიზნებია ჩამოყალიბებული.
საინტერესოა, თუ რომელი საფეხურის მოსწავლეების სწავლებაა მასწავლებლებისთვის ყველაზე რთული - ამ კითხვით, etaloni.ge-მ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს მიმართა:
ნანა ჭეიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორი:
ზოგადად, შედარებით რთულად მაღალი საფეხური ითვლება ხოლმე. მოსწავლეები იმ საგნებს უფრო მეტ დროს უთმობენ, რომლებიც აინტერესებთ, ეროვნულ გამოცდებზე ბარდება და ფიქრობენ, რომ გამოადგებათ. დანარჩენი საგნები კი მიღმა რჩება, ამიტომაც უკუკავშირის ნაკლებობაა. თუმცა, აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პასუხისმგებლობა და სირთულე ყველა საფეხურზე მაინც ერთნაირია.
მერაბ დევაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, ყველაზე რთული საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლებაა. კლასის მართვაც არაა მარტივი, საგნების მიმართულებითაცაა სირთულეები. ზოგადად, სასწავლო პროცესში არსებულ გამოწვევებს ჩემი სკოლის პედაგოგები წარმატებით უმკლავდებიან. მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, აქტივობების დაგეგმვა ცოტა ჭირს მოსწავლეთა სიმცირის გამო, თუმცა საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს.
ქეთევან როყუა, გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის დირექტორი:
გარკვეული გამოწვევა ყველა საფეხურზე გვხვდება, თუმცა, რადგანაც დაწყებითი კლასების ბავშვებს მასწავლებლის უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ, ვფიქრობ, შედარებით რთულია. იმისთვის, რომ სწავლების დონე მაღალი იყოს, მათთან მეტი რესურსი გვჭირდება, მაგალითად, საშუალო საფეხურზე. ვთვლი, რომ პედაგოგს უფრო მეტი სამუშაო დაწყებით საფეხურზე აქვს, ვიდრე შემდეგ. ეს იმითაა განპირობებული, რომ საშუალო და საბაზო საფეხურზე მოსწავლეები უფრო ჩამოყალიბებულები არიან, სხვადასხვა ეტაპი აქვთ გავლილი. მაგალითად, შემიძლია მათემატიკაზე ვისაუბრო - ფაქტობრივად, რასაც დაწყებითებში ვასწავლით, იმას ვიმეორებთ შემდეგ, ოღონდ უფრო რთულ ფორმებში. საბოლოოდ, დაწყებით საფეხურზე პედაგოგს უფრო მეტი მუშაობა სჭირდება, თორემ გამოწვევები ყველგან ერთნაირია.
ჟენია დათუნაშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:
როდესაც ბავშვები დაწყებით საფეხურზე არიან, წერა-კითხვა არ იციან, რა თქმა უნდა, მათი მასწავლებელი ბევრ გამოწვევას აწყდება და ეს, გარკვეულწილად, რთულია. ასევე, მე-2 საფეხურზე ცოტა რთული პროგრამაა. ისე კი, თითოეული პედაგოგი თავის საგანს ასწავლის, სპეციფიკა და შესაბამისი მიდგომები იცის.
ზოგადად, ჩემი აზრით, სწავლა საბაზო საფეხურის ბავშვებისთვის ცოტა უფრო გართულებულია, რადგან მასალა ბევრია, საგნებიც მრავალფეროვანია.
ბრძოლვერდი ჟორჟოლიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
იმ ბავშვებს, ვინც ბაღშიც არაა ნამყოფი, მასწავლებლებმა ძალიან ბევრი რამ უნდა ასწავლონ, პატარები არიან და სხვადასხვა მოთხოვნილება აქვთ. ამიტომაც მათი აღზრდის პროცესი გამოწვევებით სავსეა.
რაც შეეხება მოსწავლეებისთვის სწავლის სირთულეს, რთულია პირველი კლასიც - პატარები ანბანს, წერა-კითხვას სწავლობენ, მაგრამ უფრო რთული მე-4 კლასიდან მე-5 კლასში ნახტომია. ისინი ბევრად მეტ საგანს ეჭიდებიან, გაკვეთილის მოყოლაზე გადადიან და ახალ გამოწვევებს აწყდებიან.
რუსუდან ბიწაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, სირთულე სამივე საფეხურის მოსწავლეთა სწავლებას ახლავს. კონკრეტულად, ერთ-ერთს ნამდვილად ვერ გამოვყოფ. ეს მასწავლებელზეა დამოკიდებული, ვინ როგორ შეხედავს საკითხს. დაწყებით კლასებში უფრო სასკოლო გარემოსთან შეგუების მომენტია, ხოლო საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადებიან. ამიტომაც, მე პირადად, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე საფეხურის სწავლება უფრო რთული ან მარტივია.
ვაჟა კუცია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლის დირექტორი:
უფრო რთულად საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება მიმაჩნია. მათ მიმართულება უკვე არჩეული აქვთ და სხვა საგნები ნაკლებად აინტერესებთ, თავინთ არჩევანზე არიან გადართული, ემზადებიან. ეს კი იმ პედაგოგებისთვისაა რთული, რომელთა საგნებიც მოსწავლეთა ინტერესის სფეროში არაა. მაგალითად, თუ მოსწავლე ჰუმანიტარული მიმართულებით მიდის, სხვა საგნებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ზოგადად კი, ყველა საფეხურს თავისი სირთულე ახლავს.
ეთერ წინწალაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ყველაზე რთული დაწყებითი კლასების მოსწავლეების საწავლებაა. ისინი სკოლაში შემოდიან, ბევრი რამ უნდა ისწავლონ. ისინი ბაღში ყოფნას არიან მიჩვეული, ამიტომაც გარემოს, გაკვეთილს მოსმენას უნდა შეეგუონ. ჩემი სკოლის მასწავლებლები ამ სირთულეებს დიდი წარმატებით უმკლავდებიან. ზოგადად, ყველა საფეხურს თავისი სპეციფიკა აქვს.
მარინე დავითულიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის დირექტორი:
ყველაზე რთული დაწყებითი კლასების მოსწავლეების სწავლებაა. საბაზო და საშუალო საფეხურზე ბავშვი უკვე მიჩვეულია რა არის სკოლა. ეს ყველაფერი კი დაწყებითი კლასების მასწავლებლების დამსახურება და პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, შედარებით რთულია. განსაკუთრებულ სირთულეებს შეიძლება ასევე იქ წავაწყდეთ, სადაც ბაღი არ არის, ბავშვებს სკოლაში შესვლის წინ გამოცდილება არ აქვთ და პედაგოგებმა ბევრი უნდა იმუშაონ.
თინა ჯიხოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:
თოთოეულ საფეხურს თავისებური მიდგომა სჭირდება. ყველა მასწავლებელი განსაკუთრებულია, ამიტომაც მათთვის რაღაც საკითხები შესაძლოა რთული, რაღაცები კი მარტივი იყოს. ეს პედაგოგის მიდგომაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, სწავლების სირთულე მასწავლებლებზეა დამოკიდებული და არა საფეხურებზე. მათ მოსწავლეებთან საერთო ენა უნდა გამონახონ, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ და დააინტერესონ.