გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობა - ბაღებში ცვლილებების ახალი ეტაპი იწყება
07-04-2023

ბაღების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში დასრულდა და ახლა რეფორმის მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს, რაც ავტორიზაციისთვის ბაღების მომზადებას გულისხმობს.

რამდენად სრულყოფილად ასრულებენ სკოლამდელი დაწესებულებები თავის ფუნქციას, ამას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი დაადგენს, 2030 წლამდე კი ყველა ბაღმა ავტორიზაცია განახლებული მოთხოვნებით უნდა გაიაროს.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ნინო ხითარიშვილი განმარტავს, რომ „თვითშეფასება გულისხმობს ხარისხის სტანდარტებთან დაწესებულების ხარისხის შესაბამისობას, თუმცა რადგან ბაღების მასშტაბები არის დიდი, პროცესი კი კომპლექსური, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფორმაცია მოგროვდეს ელექტრონულ პლატფორმაზე და სანამ ჩაეშვება გამოყენებაში, მიმდინარეობს მისი პილოტირება.

პილოტირება დაიწყო თებერვალში და დასრულდება აპრილში; პილოტირებისთვის შევარჩიეთ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები, რათა ყველანაირ პირობებისთვის გაგვეტესტა პლატფორმა“.

ცნობილია ისიც, რომ განათლების ხარისხის მართვის ცენტრის ექსპერტები ქვეყნის ყველა ბაღს მოინახულებენ, შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ და ავტორიზაციის თარიღსაც ინდივიდუალურად განსაზღვრავენ;

ავტორიზაციის მისაღებად ყველა ბაღმა უნდა დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და კვებითი რაციონი, სტრატეგიაში გაწერილია ინფრასტრუქტურული საკითხებიც, მაგალითად ბაღის განთავსება შენობის მხოლოდ 1-2 სართულზეა შესაძლებელი, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება კი საგანმანათლებლო სტანდარტს მიექცევა - საბავშვო ბაღები არა უბრალოდ მოვლა-მეთვალყურეობის ადგილი, არამედ, საგანმანათლებლო სივრცე უნდა იყოს.

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, კახაბერ ერაძე განმარტავს, რომ შესაძლოა შემუშავდეს გარდამავალი პერიოდის რეგულაციები, რადგან დრო სჭირდება გარკვეული საკითხები მოგვარებას, „თუმცაღა გვექნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები - რომელ ბაღს, რა ნაწილში უნდა გავუწიოთ მხარდაჭერა; 2030 წელს ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ რომ ყველა ბაღში იმუშავებს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემა“.

ამ ეტაპზე ბაღები მხოლოდ ორი მიმართულებით - შრომის უსაფრთხოების და კვების ხარისხის კუთხით მოწმდება, რეფორმის შედეგად კი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინსპექტირებას 5 მიმართულებით განახორციელებს.

ავტორიზაციის პროცესი 2025 წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება შედეგად, ყველა დაწესებულება ვინც ავტორიზაციას ვერ გაივლის, ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203