ყველა საფეხურს თავისი სპეციფიკა და სირთულე აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ დაწყებითი საფეხურის პირველი და მეორე კლასი, როდესაც ბავშვები სკოლაში შედიან, უფრო რთულია. ამ დროს, მოსწავლეები კალაპოტში უნდა ჩააყენო, სკოლაში მოქცევის წესები ასწავლო. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ ყველაზე რთული მაინც დაწყებითი საფეხურია. შემდეგ კლასებში კი, რა საფუძველიც აქვთ, ისე იქცევიან და სწავლობენ. თუ პირველი კლასიდანვე ეცოდინებათ, განათლების მნიშვნელობა, ეს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. ამასთანავე, საშუალო საფეხურზეც მინდა გითხრათ - ნამდვილად კარგი, სასიამოვნოა მათთან მუშაობა, თუმცა შემდეგ ზოგიერთი ბავშვი შედარებით რთულად სამართავი ხდება.
ვარდო უგლავა, ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:
პირადად მე, დაწყებით საფეხურზე - მე-5, მე-6 კლასში, საბაზოზე და საშუალოზეც მისწავლებია. ალბათ, მასწავლებელს გააჩნია. მე არანაირი სირთულე და პრობლემა არ მქონია. არ მიფიქრია, რომ კონკრეტულად, რომელიმე საფეხურისთვის სწავლება მირჩევნია - ბავშვი ბავშვია. მეტ-ნაკლებად სუსტი და ძლიერი ყველა საფეხურზე შეიძლება იყოს. თუ მასწავლებელს მოწოდება და შესაბამისი მზაობა აქვს, ვფიქრობ, არც ერთი კლასის მოსწავლესთან მუშაობა არ უნდა გაუჭირდეს. ეს ყველაფერი პედაგოგზეა დამოკიდებული. თვითონ უნდა დაარეგულიროს მოსწავლეებთან ურთიერთობა, სჭიროა ინდივიდუალური მიდგომებია. ამიტომაც, პედაგოგი მოწოდებით ნამდვილად მასწავლებელი უნდა იყოს.
შოთა კუბლაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორი:
მიმაჩნია, რომ კომპეტენტური მასწავლებლისთვის არც ერთ საფეხურზე მყოფი მოსწავლეების სწავლებაა რთული. ყველაფერი პედაგოგზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ფლობს საგანს, რომელსაც ასწავლის. ზოგადად, სამივე საფეხურს თავისი სპეციფიკა აქვს, სირთულეები არსებობს, თუმცა ასე კონკრეტულად გამოყოფა არ შეიძლება. ყველაფერი დაძლევადია, თუკი, მასწავლებელი ინფორმირებულია. პედაგოგის პროფესია რთულია, მასზე ის გარემოფაქტორები მოქმედებს, რაც ქვეყანში ხდება. მასწავლებელმა საკუთარ თავში იმდენი ძალა უნდა იპოვოს, რომ ყველა სირთულე დაძლიოს.
დავით მიქელაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში კლასებში თითო-ოროლა მოსწავლე გვყავს. ზოგადად, სირთულეს ვერ დავარქმევდი, მაგრამ, ალბათ, დაწყებითი საფეხური, როდესაც ბავშვები სწავლას იწყებენ, უფრო პრობლემურია. ჩვენთან ახლახან გაიხსნა ბაღი, იქიდან მოსული ბავშვები უფრო მომზადებულები არიან. სხვა მხრივ კი, სკოლასთან შეგუება და წესების სწავლა სჭირდებათ.
მაია ოზბეთელაშვილი, გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, ცალსახად ვერ განსაზღვრავ, რომელ საფეხურზე მყოფი მოსწავლეების სწავლებაა რთული. ეს მასწავლებლებზეა დამოკიდებული. მაგალითად, დაწყებითი საფეხურის პედაგოგს ამ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. დაბალ კლასებში სხვა მასწავლებელი რომ შევიდეს, შეიძლება ისე კარგად ვერც ასწავლოს. ანალოგიურადაა, მაღალ კლასებშიც. საბოლოოდ, ყველაფერი პედაგოგის სპეციალიზაციასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული.
აინა გარაგაშევა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, შედარებით რთული, პირველი და მეხუთე კლასია. პირველ კლასში სკოლაში შედიან ბავშვები, მათ სხვადასხვა რამ უნდა ასწავლო, გარემოს შეაჩვიო, ხოლო მეხუთეში ახალი საგნები ემატებათ. ამ შემთხვევაში, პედაგოგებსაც უფრო მეტი შრომა უწევთ. ისე კი, ყველა საფეხურს თავისი სპეციფიკა აქვს.
გულნაზ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, მასწავლებლისთვის შედარებით რთული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სწავლებაა. როდესაც ბავშვი სკოლაში პირველად მიდის, მას ახალი გარემო ხვდება, ამიტომაც ადაპტაცია სჭირდება. უფრო რთულადაა საქმე მაშინ, როდესაც ბავშვს ბაღშიც არ უვლია. ამ დროს პედაგოგს მეტი მუშაობა უწევს - მან მოსწავლე სკოლასაც უნდა შეაჩვიოს და კონკრეტული საგნები ასწავლოს.
არამ ვარდანიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის დირექტორი:
შედარებით რთული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლებაა. პირველი კლასში სხვადასხვა ენას სწავლობენ, შეიძლება ენის ბარიერიც ჰქონდეთ. სწორედ ამიტომაა მათთან მუშაობა ძნელი. ის ფაქტორიც არის, რომ თუ კლასში ცოტა ბავშვი იქნება, მათთვის სწავლება უფრო მარტივია. თუ პირველ კლასში 20-30 მოსწავლეზე მეტია, ძალიან რთულია.
გიორგი რამიშვილი, ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი:
რასაკვირველია, დაწყებითი საფეხურია, რადგან ბავშვი სწავლას იწყებს, მან ჯერ არ იცის რა არის წიგნი. ამიტომაც, თვალები უნდა აუხილო, სკოლას შეაჩვიო და მის ინტერესებს მოერგო. ჩემი სუბიექტური აზრით, მასწავლებლისთვის ეს პერიოდი უფრო რთულია. ზოგადად კი, ყველა საფეხურს თავისი სპეციფიკა აქვს. დაწყებითი კლასების მოსწავლეები თვალებში შემოგციცინებენ.
სოფია მანუკიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, პედაგოგებისთვის უფრო რთული საშუალო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების სწავლებაა. როდესაც იზრდებიან, შეხედულებები ეცვლებათ, ზოგჯერ სხვა ინტერესები აქვთ და სწავლა მათ ცხოვრებაში მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება დაწყებით საფეხურს, მოსწავლეები წარჩინებულები, მონდომებულები არიან.