„საუკეთესო მოსწავლეებიც კი შეიძლება უმართავები გახდნენ“ - პედაგოგები გვიზიარებენ გამოცდილებას, რომელი საფეხურის მოსწავლეების სწავლებაა ყველაზე რთული
07-04-2023

სასწავლო პროცესის თავისებურებები ყველაზე კარგად იმ ადამინებმა იციან, ვისაც მოსწვალეებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ - ესენი მასწავლებელი არიან. ისინი გარკვეული გეგმის მიხედვით მოქმედებენ და ერთი მიზანი - მოსწავლეთა განვითარება ამოძრავებთ. 

ბავშვების ასაკიდან, დამოკიდებულებებიდან, ინტერესებიდან გამომდინარე, პედაგოგი შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს წააწყდეს. ამიტომაც, ცდილობენ, რომ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგნენ. 

საინტერესოა, თუ რომელი საფეხურის მოსწავლეების სწავლებაა მასწავლებლებისთვის ყველაზე რთული - ამ კითხვით, etaloni.ge-მ საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგებს მიმართა:

ნანა არაბული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი:

მიმაჩნია, რომ ყველა საფეხურს თავისი თავისებურება აქვს. სირთულეები ძალიან ბევრ ფაქტორს მოაქვს. მაგალითად, არაქართულენოვან სკოლებში პირველ კლასში მოსწავლეებმა სახელმწიფო ენა არ იციან. მათ, შესაძალოა, ქართულად ერთი სიტყვაც კი არ მოუსმენიათ. ამიტომაც, სწავლების პროცესი საკმაოდ რთულია. ეს ზოგჯერ მასწავლებლის კვალიფიკაციიდან ან მშობელთა და მოსწავლეთა მზაობიდან გამომდინარე იჩენს თავს. საბაზო საფეხურზე ასკობრივი თავისებურებებია, საშუალოზე შეიძლება უფრო მოტივაციის პრობლემა იყოს.

თამილა ბარბაქაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი: 


რა თქმა უნდა, დაწყებითი საფეხური უფრო რთულია. მაგალითად, ჩვენს სკოლაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვები სწავლობენ, პატარებმა სახელმწიფო ენა არ იციან. თანაც, ძალიან დიდი სოფელია და მხოლოდ ერთი ბაღია, ამიტომაც იქ სიარულს ყველა ვერ ახრეხებს. ასეთ ბავშვებთან მუშაობა კი ძალიან რთულია, ისინი სასკოლო გარემოს უნდა შეაგუო.

ლანა ხეხელაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

ჩემი აზრით, ყველაზე რთული მეცხრე-მეათე კლასია, ამას პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით. მოსწავლეები დაბალ კლასებში უფრო მოტივირებულები და მონდომებულები არიან, რომ ცოდნა მიიღონ, მასალა აითვისონ. ცოტა რომ იზრდებიან, სხვა ინტერესები უჩნდებათ და ეს სწავლის პროცესში ხელს უშლით, რაც მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლისათვისაც რთულია.

ელზა ხებრელაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მასწავლებელი:

ყველა საფეხურს თავისი სირთულე აქვს, თუმცა მაინც დაწყებითს გამოვყოფდი, რადგან ბავშვები პირველ ნაბიჯებს დგამენ. მაგრამ, ამასთანავე, ამ საფეხურზე სწავლებაში ხელს გვიწყობს ის ფაქტი, რომ მოსწავლეები გვიჯერებენ, გვისმენენ. თუ დაწყებითის მასწავლებელმა არ იყოჩაღა, შემდეგ შეიძლება ვეღარ განვითარდნენ ისე, როგორც საჭიროა. მათ პედაგოგმა სწორი მიმართულება უნდა მისცეს და სწავლა შეაყვაროს. მერე გარდატეხის ასაკი მოდის, როდესაც ყველაზე ნიჭიერი ბავშვებიც კი ძალიან რთულები ხდებიან, ეს ძირითადად, მე-7 და მე-8 კლასში ხდება. საუკეთესო მოსწავლეებიც კი შეიძლება უმართავები გახდნენ, თუ რამე არ მოეწონებათ. ამ დროს, მათ უფრო მეტად თანატოლების აზრი აინტერესებთ. ეს კლასები თუ ნორმალურად გადალახეს, შემდეგ მათთან გაკვეთილის ჩატარება სასიამოვნოცაა.

მზია ჩოქური, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

მოსწავლეებს თავიდან თუ ვერ ვასწავლეთ, შემდეგ ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დაწყებითი საფეხურია. მასწავლებელს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. კონკრეტულად, სირთულეებს რაც შეეხება, ეს შეიძლება მოსწავლის ან მშობლის მხრიდან ინტერესის არ ქონა იყოს, ისინი მოტივირებული არ არიან. ჩვენ კი, პედაგოგებს, ძალიან დიდი შრომა გვჭირდება იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. საქმეს ისიც ართულებს, რომ დაწყებით კლასებში, ძირითადად, ეთნიკურად არაქართველი მასწავლებლები ასწავლიან, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ და ქართული კარგად არ იციან. გაკვეთილი, ძირითადად, აზერბაიჯანულ ენაზე მიჰყავთ და მე-5 კლასიდან ანბანის სწავლება თავიდან გვიწევს.

ლილი ფუტკარაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი:

ყველაზე რთული, ალბათ, დაწყებითი საფეხურია, რადგან მოსწავლეებმა ქცევის წესებიც არ იციან. პედაგოგს კი უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბაზო და საშუალო საფეხურზე. ყველაფერს საფუძველი სწორედ დაწყებით კლასებში ეყრება, ამიტომაც უფრო რთულია. ზოგადად კი, სამივე საფეხურს თავისი სპეციფიკა და გამოწვევები ახლავს.

თამარი გოგოლი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი:

ჩემი აზრით, ყველაზე რთული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლებაა. ამ დროს, ბავშვი სამყაროს ეცნობა, მისთვის ყველაფერი უცხოა. მათ სკოლაში ადაპტაცია სჭირდებათ. მე ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ვასწავლი, დიდი შრომა გვჭირდება, რომ ქართული ენა აითვისონ. ენის ბარიერი მშობლებსაც აქვთ, ამიტომ შვილებს სახლში ვერ ეხმარებიან. ძალიან ბევრი რამე კი სწორედ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებზეა დამოკიდებული.

ფატი მუშკუდიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

მიმაჩნია, რომ ყველა საფეხურს თავისი სირთულე აქვს, თუმცა მაინც ყველაზე რთული დაწყებით კლასებია, რადგან ჩვენ ბავშვებს, საგნებთან ერთად, ურთიერთობაც უნდა ვასწავლოთ. მასწავლებლებმა ისინი სკოლას უნდა შეაგუონ, წესები ასწავლონ. მოსწავლის ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. რა თქმა უნდა, ყველა საფეხურზე პროფესიონალი კადრები უნდა მუშაობდნენ და მით უმეტეს, დაწყებით კლასებთან.

მაია კვენიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი:

მე პირადად, დაწყებით საფეხურს გამოვყოფდი, რადგან ისინი სუფთა დაფები არიან, ჩვენ კი ისე უნდა ვიმუშაოთ ამ დაფაზე, რომ რაიმე მცირე შეცდომაც კი არ დავუშვათ. ვფიქრობ, მოსწავლეები პირველ-მეოთხე კლასებში ყალიბდებიან და ცხოვრებისთვის ემზადებიან. ამიტომაც მოითხოვს მათთან მუშაობა უდიდეს პასუხისმგებლობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203