9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს. რუსული ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი პროტესტი არ დასრულებულა მშვიდობით. საბჭოთა არმია ქართველი ხალხის გულანთებული პროტესტის ჩახშობას ძალით შეეცადა. რუსთაველზე რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. დაშავდა ასობით ადამიანი და დაიღუპა 21 ქართველი.
მიუხედავად დატრიალებული ტრაგედიისაა, ქართველებმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიპოვეს. 2 წლის შემდეგ, 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა!
9 აპრილი საქართველოს თავისუფლების მნიშვნელოვანი სიმბოლოა, ის საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეა.