გორის N1 საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორის ქალბატონ ეკატერინე აფხაიძის ინიციატივით ოკუპაციის კვირეული მოეწყო.
კვირეული 1921 წლის 25 თებერვალს მიეძღვნა.
23 თებერვალს კვირეულის შეჯამება გაიმართა. VIIგ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხატია მშვიდობაძის ხელმძღვანელობით, პროექტი - ,,ვუამბოთ თანატოლს“ მოამზადეს. მათ ღია გაკვეთილები ჩაატარეს, რომელშიც სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
თანატოლებს მეშვიდეკლასელებმა მოკლედ გააცნეს რუსეთის მე-11 წითელი არმიის საქართველოში შემოსვლა, რომელსაც წინ ქართველი მოხალისეები აღუდგნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებასა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გამტკიცებას ისახავდა მიზნად.
საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 25 თებერვალს 2011 წლიდან აღინიშნება.
საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.
23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.
1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა.
იხილეთ ფოტოები