რომელმა აბიტურიენტებმა უნდა მიიტანონ ატესტატი NAEC-ში და როდის - დეტალები
06-05-2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების ნაწილი ვალდებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი წარადგინოს ცენტრში.
ვის ეხება აღნიშნული მოთხოვნა და რა ვადებში უნდა მიიტანონ აპლიკანტებმა დოკუმენტი ცენტრში - გაეცანით დეტალური ინფორმაციას:
თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე, 2023 წლის 20 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
გაითვალისწინეთ: ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის ცენტრში წარმოდგენა! ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე. ამდენად, აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ.
აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს, 2023 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი.
აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების
უფლებას), (2023 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე) უნდა წარმოადგინონ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მათ მიერ დასრულებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა.
აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 21 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, 20 ივნისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.