პორტფოლიოს ატვირთვის ვადა არ გახანგრძლივდება - მასწავლებლის სახლის განმარტება და პედაგოგთა კარიერული წინსვლის ვნებათაღელვა
12-04-2023

2022 წელს გამოცდაჩაბარებულმა პედაგოგებმა 2023 წლის გაზაფხულზე შეიტყვეს იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომლებიც წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლადაა საჭირო. 10 აპრილს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით საბოლოოდ გადაწყდა, რომ პრაქტიკული საქმიანობა ორდონიანი პორტფოლიოთი შეფასდება და სტატუსზე წინადადების წარდგენებიც 1 მაისიდან დაიწყება.

განსაზღვრულმა თარიღმა მასწავლებელთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - ნაწილის აზრით, გამოდის, რომ მათ მხოლოდ 20 დღე აქვთ საჭირო აქტივობების „ესქულის“ ბაზაში ასატვირთად,  ნაწილი კი იმას აღნიშნავს, რომ მოქმედ მასწავლებლებს, კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილების თანახმად, იმ რეფლექსიების გამოყენებაც შეუძლიათ, რომლებიც არსებული სტატუსის მოპოვების შემდეგ „მოაგროვეს“.

არავინ დაობს, რომ სასწავლო წლის მიწურულს, როდესაც სკოლაში, გაკვეთილების ჩატარების მიღმა მასწავლებლებს უამრავი საქმე აქვთ, დამატებითი ვალდებულებები დამატებითი თავის ტკივილია, თუმცა ისიც ხომ ფაქტია - მოქმედ პედაგოგებს, წესით, პორტფოლიოსთვის საჭირო არაერთი აქტივობა უნდა ჰქონდეთ და მხოლოდ მათი ოფიციალურად დოკუმენტირება დასჭირდებათ აპრილის ბოლომდე.

ასეა თუ ისე, როგორც მედალს, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემასაც ორი მხარე აქვს - პედაგოგიური საზოგადოების ნაწილი მოითხოვს, სათანადო სტატუსი მხოლოდ გამოცდით მიენიჭოთ, თუმცა ასეთ შემთხვევაში, იგივე წესი უნდა გავრცელდეს წამყვანობისა და მენტორობის ყველა მსურველზეც - ვინც შემდეგ წლებში დააპირებს გამოცდაზე გასვლას; მასწავლებელთა მეორე ნაწილი კი პირიქით - ემხრობა წინსვლას.

პედაგოგების საქმიანობის შესაფასებლად მშობლები კითხვარებს შეავსებენ - მასწავლებლის სახლი განმარტავს

მიმდინარე მოვლენებს რომ დავუბრუნდეთ, რადგან პედაგოგებს საჭირო რეფლექსიების ასატვირთად მხოლოდ 20 დღიანი ვადა მიეცათ, ეს უკმაყოფილების მორიგი ტალღის საფუძველი გახდა; ათობით მასწავლებელმა მინისტრისადმი ვიდეომიმართვაც ჩაწერა, მოთხოვნით - არა, პორტფოლიოს! პარალელურად კი, გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა მასწავლებლის სახლი ვადის გახანგრძლივების კომპრომისზე წასულიყო; აღნიშნული საკითხი etaloni.ge-მ გადაამოწმა.

ოფიციალურ სტრუქტურაში განგვიმარტეს, რომ „ვადების ცვლილების შესახებ ინფორმაციას მასწავლებლის სახლი არ ფლობს“.

მოასწრებენ თუ არა პედაგოგები საჭირო დოკუმენტების ატვირთვას? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

ამიტომ, ეთანხმებიან თუ არა, პედაგოგებმა წინსვლისთვის საჭირო რეფლექსიები 1 მაისამდე უნდა ატვირთონ „ესქულის“ ბაზაში, სქემით განსაზღვრული შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

„მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს სამივე მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი, მინიმუმ, ერთი მტკიცებულება მაინც. შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203