ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა;
დოკუმენტის თანახმად, ბაგა-ბაღი მიზნად ისახავს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას, ინკლუზიურ განათლებას, აღსაზრდელების უსაფრთხოებასა და საუკეთესო ინტერესების დაცვას, სტანდარტის შესრულების გაძლიერებას, ბავშვთა სკოლისათვის მომზადებას; ასევე აღმზრდელების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად გადამზადებას და ავტორიზაციისათვის მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 1 ბაგა-ბაღი სადაც დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 160 ბავშვის სწავლება, სოფელ გლოლაში არის საბავშვო ბაღი, კვებით უზრუნველყოფით,სოფლებში ბავშვთა კონტინგენტის და მშობელთა მომართვიანობის შესაბამისად გაიხსნება სასკოლო მზაობის ცენტრები შესაბამისი მომსახურეობით. სულ სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულია 44 თანამშრომელი.
„ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწა, სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ჰასპის პროგრამის დანერგვა.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 2-დან 6 წლამდე ბავშვის უზრუნველყოფა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესით; სკოლის ასაკს მიღწეული ბავშვების მზაობა შესაბამისი განათლების მიღებისათვის; ბავშვების ოპტიმალური ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად შესაფერისი გარემოს შექმნა“, - ნათქვამია დოკუმენტში.