რას იხატავენ მეთორმეტეკლასელები ბოლო ზარის მაისურზე? - მოსწავლეების ორიგინალური იდეები
04-05-2023
რამდენიმე დღეში მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკება. ყველა მოსწავლე მოუთმენლად ელოდება ამ დღეს. თეთრი მაისურები, წინსაფრები, ფერადი კალმები, ფანქრები, ნახატები, წარწერები - ბოლო ზარის დღე მათ გარეშე წარმოუდგენელია. ზოგიერთი მოსწავლე სასწავლო წლის დასაწყისიდანვე გრანდიოზულად, დიდი ენთუზიაზმით ემზადება ამ დღისთვის - თეთრ მაისურზე მოხატვის იდეებს ერთმანეთს უზიარებენ და რჩევებს თავადაც იღებენ.

ამ დღეს ქუჩებში განსაკუთრებული ჟრიამული იგრძნობა. ეს დღე დღესასწაულია ყველასთვის, დიდისა თუ პატარასთვის, რომელსაც თან ახლავს ბევრი ემოცია - სიხარულის ცრემლები, ცოტა სევდა და რაც მთავარია მომავლის იმედები.

ამ დღის სიმბოლოზე - თეთრ მაისურებზე დატანილი წარწერები, სადაც მოსწავლეებს სხვადასხვა კეთილ სურვილს უწერენ, სამუდამოდ ინახება და სკოლის კედლებში გატარებულ ბევრ მოგონებას ინახავს.

გარდა კეთილისმსურველთა წარწერებისა, მოსწავლეები თავადაც საინტერესოდ აფორმებენ მაისურებს და სხვადასხვა გამოსახულებასა თუ პერსონაჟს იხატავენ. ხშირად ისინი ამ ნახატებით ცდილობენ ინდივიდუალიზმის წარმოჩენას.

საინტერესოა, წელს რის დახატვას აპირებენ აბიტურიენტები ბოლო ზარის მაისურზე?

etaloni.ge რამდენიმე აბიტურიენტს გაესაუბრა, რადგან მათი იდეებისა და ბოლო ზარისთვის მზადების შესახებ გაეგო.

როგორც აღმოჩნდა მეთორმეტეკლასელებს წელს განსხვავებული და ორიგიალური იდეები აქვთ.

„თითქმის მთელი 12 წელი ეს სიტყვები - „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ მესმოდა. ველოდებოდი როდის გატკბილდებოდა, თუმცა ჯერჯერობით ისევ მოლოდინის რეჟიმში ვარ, ამიტომ ბოლო ზარის მაისურზე გადავწყვიტე დავიხატო წვერმოტეხილი ნაძვი, რომელზეც ბიჭი ზის და წიწაკას ჭამს“ , - ამბობს მეთორმეტეკლასელი ნიკოლოზი.


ნიკოლოზის მსგავსად, აბიტურიენტი საბაც ორიგინალურ და საინტერესო ნახატით აპირებს ბოლოს ზარის მაისურის გაფორმებას.
 

„სკოლაში ბევრი კარგი და დასამახსოვრებელი დღე მაქვს გატარებული. ცუდად ნამდვილად არ გამახსენდება იქ გატარებული 12 წელი, თუმცა სკოლის დამთავრება ჩემთვის მაინც თავისუფლებასთან ასოცირდება, ამიტომ, გადავწყვიტე ბოლო ზარის მაისურზე გალიიდან გაფრენილი ჩიტი დავიხატო - როგორც თავისუფლების სიმბოლო“, - ამბობს საბა.
 


თინეიჯერები განსაკუთრებულა ანიმეებით არიან გატაცებულნი. აბიტურიენტ თეკლას გამორჩეულად ნარუტო უყვარს, რომელსაც უნდა ყველას დაუმტკიცოს თავისი შესაძლებლობები და გახდეს სახალხოდ აღიარებული.

„ნარუტო ჩემთვის ძლიერი პერსონაჟია. მომწონს მისი ინდივიდუალიზმი და ხასიათი. ბოლო ზარზე სწორედ ამ ანიმეს პერსონაჟის დახატვა მინდა“,  - აღნიშნავს თეკლა.

ანიმეების მსგავსად თინეიჯერებში ძალიან პოპულარულია ახალი სერიალი WEDNESDAY (ვენსდეი), რომლის მთავარმა გმირმა ბევრი მოზარდის და არა მარტო მოზარდის სიყვარული მოიპოვა.

„ვენსდეი“ ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ის სამართლიანი, ნიჭიერი, შეუპოვარი და მიზანდასახულია და არასდროს ნებდება. იმდენად მოხიბლული ვარ მისით, რომ ბოლო ზარის მაისურზე სწორედ მისი სურათის დახატვას ვაპირებ“, - აღნიშნა აბიტურიენტმა- ნინიმ.
 

ბოლო ზარის მაისურის ნახატთან დაკავშირებით, ასევე ორიგინალური იდეა აქვს მეთორმეტეკლასელ სანდროს. ის მაისურზე როგორც თავად ამბობს, ბილიარდის რვიანის დახატვას აპირებს.

„ბილიარდის რვიანით შეგიძლია მოიგო ან წააგო. ვფიქრობ ცხოვრებისეული და აზრიანია. მაისურზეც შინაარსიანი ნახატი ან წარწერა მინდოდა დამეტანა“ , - ამბობს სანდრო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203