მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და პროგრესის შესაფასებლად კარგი საშუალებაა მათზე დაკვირვება.
გაკვეთილის პერიოდში პედაგოგს საშუალება აქვს, დააკვირდეს თითოეული მოსწავლის აქტივობებში ჩართულობისადმი მოტივაციას, საკლასო დავალებების შესრულების პროცესს, მათ შემოქმედებითობას. ამისთვის კი საჭიროა, მასწავლებელი საკლასო ოთახში გადაადგილდებოდეს და ყურადღებას აქცევდეს თითოეული ბავშვის ქმედებას.
თუ გსურთ, რომ მალე და მარტივად დაადგინოთ თქვენი მოსწავლეების საჭიროებები, მათ ყოველდღიურად უნდა დააკვირდეთ და ასახოთ თითოეულის პროგრესი. როდესაც მოსწავლეებს დამოუკიდებლად ან ჯგუფურად შესასრულებელ დავალებას მისცემთ, ეცადეთ, იაროთ კლასში და დააკვირდეთ მათ, მნიშვნელოვანი დეტალები კი აუცილებლად ჩაინიშნეთ.
სასურველია, ყოველდღიურად იყენებდეთ ჩანაწერების დღიურს, სადაც მოსწავლეების შესახებ მოკლე კომენტარებს ჩაინიშნავთ. კომენტარები უნდა ასახავდეს, თუ რომელი მოსწავლეა უფრო მეტად ან ნაკლებად ჩართული მუშაობაში, ვის უჭირს ან უმარტივდება დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა, ვინ პასიურობს, ვინ არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში და ა.შ.
დაკვირვების შედეგები დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ მოსწავლეების შესაძლებლობების, სოციალური უნარების, ინტერესების, პიროვნული თვისებების, პროგრესისა თუ აკადემიური დაღმასვლის შესახებ.
დაკვირვება მოსწავლეების კარგად გაცნობის ძალიან ეფექტური საშუალებაა. დაკვირვების შემდეგ მასწავლებელს შეუძლია, დროულად დაეხმაროს მოსწავლეებს სირთულეების გადალახვაში, გასცეს ეფექტური უკუკავშირი და აუმაღლოს მოტივაცია თითოეულ მათგანს.