„მსჯელობის საკითხია, რამდენად სამართლიანია სტატუსის ამაღლების გზა, რომელსაც პედაგოგები გადიან“ - მინისტრი მასწავლებლებს 21 აპრილს შეხვდება
20-04-2023

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ხვალ, 21 აპრილს მასწავლებლებს დახურულ ფორმატში შეხვდება, ამის შესახებ მან ჟუნალლისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, არის პრობლემები, რაც პედაგოგებს აწუხებთ, მას კი მასწავლებლების აზრის მოსმენა სასკოლო და კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სურს.

„პირველივე დღეებში დავაანონსე, რომ ყველა იმ ადამიანთან აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებდი, ვინც ჩართულია განათლებაში, განსაკუთრებით, მასწავლებლებთან. არის რიგი საკითხები, პრობლემები ის, რაც აწუხებთ მასწავლებლებს და დაგროვილია, მე პირადადაც მომმართეს. ამ საკითხთან დაკავშირებით გვინდა მათთან გასაუბრება, მათი მოსმენა, თუ როგორ ხედავენ ისინი სასკოლო საკითხებთან და მათი კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარებას. იცით, რომ მრჩევლად და კონსულტანტად გია მურღულია მოვიწვიე და ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შევქმენით, რომელიც სწორედ ყველა იმ საკითხსა და გამოწვევაზე იმუშავებს, რომელიც დღეს მასწავლებელს, მშობელსა და ბავშვს ადარდებს. ეს არის მთავარი მიზანი, რისთვისაც ხვალ ვხვდებით მასწავლებლებს. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მომდევნო კვირებში იქნება უფრო ინტენსიური, რათა მასწავლებლების რაც შეიძლება ფართო მასები მოვიცვათ“,- განაცხადა მინისტრმა 

რაც შეეხება დამსწრე პედაგოგთა შერჩევის პრინციპს, გიორგი ამილახვარის თქმით, პირველს, ვინც, ბრჭყალებში, ყველაზე მეტად აპროტესტებდა გარკვეულ საკითხებს, მათ დაუკავშირდნენ. 

მინისტრმა მასწავლებლების სტატუსის მოპოვების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს კაბინეტში არ მიიღებენ და პედაგოგების აზრსაც მოისმენენ.

„სტატუსის მოპოვება დაკავშირებულია შესაბამის კარიერულ სქემასთან ანუ შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებასთან, მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან და ბუნებრივია, ვინც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია სტატუსის შესაბამისი დანამატების გაცემაც. არის კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებაც მასწავლებლებს უწევთ, თუმცა ესეც არის და იქნება ერთ-ერთი მსჯელობის საკითხი, თუ რამდენად სამართლიანი და სწორია ეს პროცესი, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ არ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს კაბინეტში, შევხვდებით მასწავლებლებს, მოვუსმენთ მათ, შევაჯერებთ პოზიციებს და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღება“,- თქვა გიორგი ამილახვარმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203