მინისტრთან მასწავლებლების შეხვედრის ძირითადი პათოსი იყო „არა პორტფოლიოს“; ასევე გაჟღერდა არაერთი პრობლემური საკითხი, რომელიც დღეს თანამედროვე პედაგოგიურ საზოგადოებას აწუხებს და ახლა მოლოდინის რეჟიმია - ყველა სამინისტროს პასუხს ელის. გაუქმდება თუ არა წამყვან-მენტორობისთვის აუცილებელი პორტფოლიო - უახლოეს მომავალში შევიტყობთ, თუმცა მასწავლებლები ასევე ითხოვენ კარიერული წინსვლის სქემის გაუქმებას, რაც არც მარტივია და გარდა ამისა, „გაუქმდეს სქემა“ ნიშნავს, მასწავლებლებმა დაკარგონ მენტორის, წამყვანის, უფროსის სტატუსები!“
აღნიშნულ საკითხს ეხმაურება მასწავლებელთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაია კობახიძე და მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
აზრთა სხვადასხვაობაა სქემის შესახებ. მე სქემის დამცველად ვერ გამოვდგები. ყველა ეტაპზე ჩემი კრიტიკული მოსაზრებები საჯაროდ გამოვთქვი, წარვადგინე უამრავი ინიციატივა სამინისტროში და შედეგებიც მივიღეთ.
ამ სტატუსით ჩემი მიზანია შევახსენო საზოგადოებას სერტიფიცირების პროცესი და ერთი შეკითხვა დავუსვა მათ, ვინც გამოდის ინიციატივით სქემის გაუქმების თაობაზე.
2010 წელს ამოქმედდა ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა", რომელიც ემსახურებოდა პედაგოგის დისკრედიტაციას და იყო სადამსჯელო ღონისძიებების გეგმა, რადგან სქემის მოთხოვნების თანახმად,
1. საგნობრივი და პროფესიული უნარების, ორივე გამოცდა მასწავლებელს უნდა ჩაებარებინა 60%-იანი ბარიერის გადალახვით და ვინც ვერ ჩააბარებდა, ორივე გამოცდას 10-10 კრედიტზე, 2015 წლის იანვარში უნდა გასულიყო პროფესიიდან, მასთან წყდებოდა ხელშეკრულება;
2. უარყოფილი იყო სახელმწიფო დოკუმენტი-დიპლომი, რის დამადასტურებლად ერთი ფაქტიც საკმარისია: სერტიფიცირებულ მასწავლებელზე გაიცემოდა სერტიფიკატი ,,მიენიჭოს მასწავლებლობის უფლება”;
3. სერტიფიცირებულ მასწავლებელს მიეცემოდა 60 ლარი დანამატი, თუ ჰქონდა სრული დატვირთვა 18 საათი და თუ არა, ვერ იღებდა ამ სამარცხვინო დანამატსაც კი;
4. სერტიფიცირებული მასწავლებელი თუ ვერ დააგროვებდა 32 ან 36 კრედიტს, ჩამოქვეითდებოდა და თავიდან უნდა ჩაებარებინა ორივე გამოცდა 10-10 კრედიტზე. კრდიტების მინიჭების სისტემა იყო უსამრთლო;
5. საგამოცდო ტესტების საკითხები იყო სიახლე მასწავლებლებისთვის და ამავე დროს გასაიდუმლოებული;
6. გამოცდას წინ უნდა უსწრებდეს ტრენინგები და არ უზრუნველყვეს მასწავლებელთა გადამზადება, მიუხედავად იმისა, რომ ტესტებში იყო საკითხები, რაც პედაგოგებს არც უმაღლესში უსწავლიათ და არც არასდროს უსწავლებიათ მათთვის;
7. ყველა ტელევიზია მიზანმიმართულად, პედაგოგთა დისკრედიტაციის, დასტრესვისა და დაშინებისათვის, აშუქებდა ჩაჭრილი მასწავლებლების რაოდენობას. თოქ-შოებში ,,იუმორად” აქციეს ჩაჭრილი პედაგოგების საკითხი და საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას, თითქოს მასწავლებლებმა არ იციან საგანი, რასაც ასწავლიან.
ახლა მოგმართავთ, რატომ მაშინ არ მოითხოვეთ სქემის გაუქმება და რატომ არ გამოხატეთ პროტესტი?! რატომ არ იცავდით ასე ,,გულანთებული” მასწავლებლების უფლებებს?
იმ პერიოდში პროფკავშირი არ იყო ჩართული რეფორმის შემუშავების პროცესში და მხოლოდ პროფკავშირმა გააპროტესტა სერტიფიცირება, რის გამოც გახდა ჩვენი ორგანიზაცია სამიზნე და გამოიარა რეპრესიები.
ალბათ დამეთანხმებით, იდეალური დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს! პრაქტიკაში ამოქმედების დროს უამრავი ხარვეზი იჩენს თავს და თანდათანობით იხვეწება. სქემა თუ გაუქმდება, რეფორმის დამარეგულირებელი სხვა დოკუმენტი ამოქმედდება.
მასწავლებელთა სადამსჯელო ღონისძიებების გეგმა კი ჩაბარდა წარსულს 2015 წლის თებერვლიდან, მაგრამ ვინც მაშინ აპლოდისმენტებით ამკობდა ე.წ. რეფორმას, ახლა ისინი სხვადასხვა პოზიციიდან, სტატუსიდან, ან თანამდებობის გარეშე დარჩენილნი გვევლინებიან პედაგოგების დამცველებად და სქემის კრიტიკოსებად.