ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ. ამ შემთხვევაში მშობლის გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იქნება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება ექნება გააკეთოს არჩევანი 16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს გააგრძელებინონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან პირველ კლასელებად დაარეგისტრირონ.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, სასკოლო ასაკის 1-ელ ნოემბრამდე გადაწევის შემთხვევაში, მოსწავლეთა რაოდენობა მაქსიმუმ 4 800 ერთეულით გაიზრდება. შედეგად საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება 1.209.6 ათასი ლარის ოდენობით. ამას გარდა, საჭირო გახდება სკოლების აღჭურვა დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: - 4800 ბუკი მოსწავლეებისთვის და 200 კომპიუტერი პირველი კლასის დამრიგებლისთვის - ერთეულის ღირებულება 573 ლარი - ბიუჯეტი 2,865.0 ათასი ლარი. სახელმძღვანელოების კომპლექტი - 192.0 ათასი ლარი და მერხი და სკამი – 657.6 ათასი ლარი.
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის 2023 წელს აუცილებელი იქნება 4,924.2 ათასი ლარი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია.