მასწავლებლები კლასებში მოსწავლეთა ნაკლებ რაოდენობას ითხოვენ - რეალურად რამდენი მოსწავლით კომპლექტდება კლასები?
29-04-2023

მასწავლებლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი საჯარო სკოლაში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობაა.

მასწავლებლები ერთხმად აცხადებენ, რომ მრავალრიცხოვანი კლასები პედაგოგებისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან რთულია თანაბარი ყურადღება დაუთმო თითოეულ მოსწავლეს და იზრუნო მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

სოციალურ ქსელებში გამართული დისკუსიისას პედაგოგების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კლასებში 20 მოსწავლეზე მეტი არ უნდა ირიცხებოდეს.

etaloni.ge დაინტერესდა, ოფიციალურად, მაქსიმუმ რამდენი მოსწავლის ჩარიცხვაა შესაძლებელი ერთ კლასში.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საჯარო სკოლაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 25 მოსწავლით, თუმცა შესაძლებელია გამონაკლისი შემთხვევების დაშვებაც. თუ სკოლას სურს, რომ კლასში 25 ბავშვზე მეტი ჩარიცხოს, მას ამის უფლება მხოლოდ სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მიეცემა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში განმარტებულია, რომ ასეთ შემთხვევაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 29-ს.

ოფიციალურად, კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა კი არის 15. პარალელური კლასების არსებობაც მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ თითოეულ პარალელურ კლასში 15 მოსწავლე მაინც იქნება. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები და სკოლას შეუძლია, სამინისტროსთან შეთანხმებით, კლასი 15-ზე ნაკლები მოსწავლითაც დააკომპლექტოს.

შეგახსენებთ, რომ გამონაკლისი შემთხვევები მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით. სკოლას არ აქვს უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და კლასებში ჩარიცხოს 15-ზე ნაკლები ან 25-ზე მეტი მოსწავლე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203