ტერმინები, რომლებიც კანონშია განმარტებული და ბაღის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ
16-05-2023

რას ნიშნავს ადრეული განათლება, სკოლამდელი აღზრდა, ინკლუზიური განათლება, ძალადობა და ა.შ  - გთავაზობთ, კანონში გამოყენებულ ტერმინების მნიშვნელობას, რომელის საბავშო ბაღის თანამშრომლებამ უნდა იცოდნენ:

ა) ადრეული აღზრდა და განათლება − დაბადებიდან 2 წლამდე (ადრეული) ასაკის ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მოიცავს: მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლებასა და მხარდაჭერას, აღნიშნული ასაკის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების, ჯანმრთელობის დაცვის, კვების, ჰიგიენისა და სანიტარიული უსაფრთხოების, ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების მომსახურებებს;

ბ) სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა;

გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი − დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დაბადებიდან სასკოლო მზაობის პროგრამის დაწყებამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს;

დ) სასკოლო მზაობის პროგრამა – სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას;

ე) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი − დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისა და სასკოლო მზაობის ხელშეწყობისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს;

ვ) დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას;

ზ) საჯარო დაწესებულება − დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს და მართავს მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

თ) აღმზრდელ-პედაგოგი – პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს; აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

ი) აღმზრდელი − პირი, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგს ეხმარება და სააღმზრდელო ფუნქციებს ახორციელებს;

კ) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე;

ლ) ინკლუზიური განათლება − საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა;

მ) ავტორიზაცია − ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა; 

ნ) საჯარო დაწესებულების საკონსულტაციო საბჭო (შემდგომ − საკონსულტაციო საბჭო) ამ კანონით გათვალისწინებული, საჯარო დაწესებულებასთან არსებული საბჭო, რომელიც ამ დაწესებულების ეფექტიან ფუნქციონირებას უწყობს ხელს;

ო) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და მხარდაჭერა – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობის, აგრეთვე ბავშვის სწავლისა და განვითარების ხელშეწყობის თაობაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამებში ჩართული ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ცნობიერების ამაღლება ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრების მეშვეობით;

პ) ძალადობა – პირის მიერ ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ზემოქმედებით ან იძულებით, აგრეთვე უგულებელყოფით (დაუდევარი მოპყრობით), რომელიც პირდაპირი განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე განხორციელდა/ხორციელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203