10 პუნქტი, რომელიც ბაღის პერსონალმა ბავშვის მშობლებთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას
13-05-2023

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმებში გაწერილი,  პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები აღსაზრდელის ოჯახთან ურთიერთობის დროს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

1. პერსონალი ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას აღსაზრდელის ოჯახთან და ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.

2. პერსონალი პატივს სცემს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს, განურჩევლად მათი კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა მახასიათებლებისა.

3. პერსონალი უზიარებს მშობლებს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე აღსაზრდელის განვითარების შესახებ.

4. პერსონალი ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე.

5. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.

6. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას აღსაზრდელთან და მის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილავს აღსაზრდელის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა პირებთან.

7. პერსონალი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ აღსაზრდელმა მიიღო დაზიანება, ან თუ მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება.

8. აღსაზრდელის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, პერსონალი არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან.

9. პერსონალი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის სანაცვლოდ არ იღებს ფასიან საჩუქარს აღსაზრდელისგან, მისი ოჯახის წევრებისაგან ან აღსაზრდელთან დაკავშირებული პირებისაგან, გარდა ყვავილებისა.

10. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს აღსაზრდელის ოჯახის წევრებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203