შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2-5 მაისს პროექტის „შეფასება განვითარებისათვის” ფარგლებში მე-4 და მე-6 კლასელები ტესტირებას გადიან მათემატიკაში, ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ტესტირება მიზნად ისახავს პროექტის ელექტრონული პლატფორმის ფუნქციონალისა და ტესტის ფორმატის გამოცდას.
თითოეულ დღეს თითო სესიაში 770-მდე საჯარო სკოლიდან 14 000-მდე მოსწავლე იქნება ჩართული. პილოტირების მიმდინარეობას 122-ე საჯარო სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე დააკვირდა. პროცესმა შეუფერხებლად ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ პროექტზე მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო; მას შემდეგ ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დახვეწის, ასევე მისი სკოლის საჭიროებებთან მაქსიმალურად მორგების მიზნით არაერთი პილოტირება ჩატარდა. პროექტი („შეფასება განვითარებისათვის“) მიზნად ისახავს მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთა მიღწევების შეფასებას ქართულსა და მათემატიკაში. ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ტარდება: მოსწავლეები ელექტრონულად ასრულებენ ტესტურ დავალებებს, შეფასების შედეგებს კი ასევე ელექტრონულად იღებენ. პროექტი მომავალში სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გარდა ამისა, შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.