8 აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს მოსმენისა და მეტყველების უნარების განვითარებაში დაეხმარება - იდეები პედაგოგებს
05-05-2023

მოსწავლეებში მოსმენისა და მეტყველების უნარის განვითარება მასწავლებლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ალბათ, ყველა პედაგოგს ჰქონია ისეთ მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება, რომლებსაც მოსმენილიდან სხვა აზრი გამოაქვთ ან სათქმელს შესაბამისი სიტყვებით ვერ გამოხატავენ. თუ ასეა, მაშინ ქვემოთ მოცემული რჩევები გამოგადგებათ.

მეტყველების განვითარებას ხელს უწყობს ისეთი დავალებები, სადაც საჭიროა დიალოგი, აღწერა, თხრობა, საკუთარი აზრის დასაბუთება, მსჯელობა... მოსმენისა და მეტყველების უნარის განვითარებისთვის ეფექტურია შემდეგი აქტივობები:

  • შესთავაზეთ მოსწავლეებს დიალოგის დასაწყისი და დრო მიეცით, რომ მოიფიქრონ და დაასრულონ. დიალოგის მოფიქრების შემდეგ მოსწავლეები წყვილებში გაითამაშებენ როლებს.
  • ინტერვიუს ჩამორთმევა ერთ-ერთი სახალისო და საინტერესო აქტივობაა, რომელიც ბავშვებს მოსწონთ. საინტერესო და აქტუალურ თემაზე კითხვა-პასუხი მათ მოსმენისა და მეტყველების უნარებს განუვითარებს. აქტივობის დაგეგმვა შესაძლებელია წყვილებში.
  • ჩაიფიქრე და ამოვიცნობ - ამ სახალისო თამაშის დროს მოსწავლეებს ვთვაზობთ, აირჩიონ შესწავლილი ნაწარმოებიდან პერსონაჟი ისე, რომ არ თქვან. ერთი მოსწავლე აირჩევს, მეორე კი კითხვების დასმით ამოიცნობს მის არჩევანს. ეს თამაში საინტერესოა წყვილებში.
  • მოსწავლეებს დაურიგეთ რამდენიმე სიუჟეტიანი ნახატი, სთხოვეთ, დაალაგონ თანმიმდევრულად ისე, როგორც ვარაუდობენ, შემდეგ კი ნახატების მიხედვით შეადგინონ ამბავი და გადმოსცენ თხრობით.
  • ნახატების გამოყენებით ასევე ეფექტურია შემდეგი აქტივობა: მოსწავლეებს დაურიგეთ ნახატები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ცხოველები, საგნები, ადამიანები. თითო ნახატი უნდა იყოს თითო ფურცელზე. მიეცით საშუალება, თავად აირჩიონ წარმოდგენილი ნახატებიდან რამდენიმე, შემდეგ კი ნახატებზე გამოსახული პერსონაჟებისგან გამოიგონონ ამბავი.
  • დაასრულე ამბავი - ეს აქტივობა მოსწავლეებს განუვითარებს მეტყველებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარს, თუ დავალებას წერილობითაც მისცემთ, ამ შემთხვევაში ნაშრომში მოსწავლის წერითი უნარ-ჩვევებიც გამოჩნდება.
  • მოიგონე ამბავი და დაასრულე ანდაზით - აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ წარდგენილი ანდაზებიდან აირჩიონ ერთ-ერთი. იმავე თემაზე მოიფიქრონ ამბავი და შეუსაბამონ ანდაზა.
  • გახდი ჟურნალისტი ერთი დღით - აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებს ევალებათ, მოამზადონ გადაცემა აქტუალურ თემაზე, იყვნენ საინფორმაციოს წამყვანები, მსმენელს გააცნონ ამინდის პროგნოზი, მოიფიქრონ გასართობი შოუ და ა.შ.

მოსწავლეებისთვის აქტივობების შეთავაზებისას მიეცით მათ არჩევანის საშუალება, თავად აირჩიონ რისი გაკეთება სურთ: ჟურნალისტის როლს მოირგებენ თუ დიალოგს გამართავენ მეწყვილესთან. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ მათი სურვილები, რადგან ამგვარი დამოკიდებულებით მათი მოტივაცია გაიზრდება და ისინი უფრო აქტიურად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203