სასკოლო ექსკურსიებზე 150 კმ-იანი შეზღუდვა მოიხსნა და მძღოლებს ახალი ვალდებულება განესაზღვრათ - სამინისტროს წერილი რესურსცენტრებს
05-05-2023

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული შეზღუდვა მოიხსნა, - აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტრომ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უკვე დაუგზავნა. დოკუმენტში ასევე დეტალურად არის გაწერილი სასკოლო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ვალდებულებები. 

„სასწავლო წლის მიწურულს გახშირდა მომართვები სასკოლო ექსკურსიების განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულაციების დაზუსტების თაობაზე.

როგორც მოგეხსენებათ, გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით სამინისტროს მიერ რეკომენდებული იყო სასკოლო ექსკურსიები 150 კმ-ის რადიუსში განხორციელებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურებოდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამჟამად არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვის აუცილებლობა აღარ არსებობს.

ძალაში რჩება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, როგორიცაა: „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N719 ბრძანება.

„საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის თანახმად, ექსკურსია არის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი გასართობი, შემეცნებითი ან/და სასწავლო ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს მგზავრთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანას და რომლის ორგანიზების/მოწყობის შესახებ გამოცემულია დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი.

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონით გაწერილია ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო მძღოლის ვალდებულებები, მათ შორის:

სასკოლო ექსკურსიის მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს:

  1. ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი
  2. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ბოლო 1 თვის განმავლობაში განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი სმიერ ნაკრკოტიკებული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დასრურდება, და ცნობა რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსანტრასპორტო სასუალების მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება,
  3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია, სულ მცირე, ექსკურსიის ორგანიზატორი/მომწყობი დაწესებულება, ამ დაწესებულების მისამართი, მისი დირექტორის ვინაობა, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის ვინაობა, ყველა მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლებში გადაადგილებაც გათვალისწინებულია ექსკურსიის ფარგლებში, და მიახლოებითი მანძილი, რომლის გავლაც გათვალისწნიებულია ექსკურსიის ფარგლებში.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებიდან 5 წელი მაინც უნდა იყოს გასული.

ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მგზავრთა რაოდენობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ მისთვის დადგენილ სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ყველა მგზავრი უსაფრთხოების ღვედით უნდა სარგებლობდეს.

ექსკურსიის ფარგლებში იმ მგზავრის გადაყვანისას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი საჭიროება.

თუ ექსკურსიის ფარგლებში გასავლელი მიახლოებითი მანძილი 500 კმ-ზე მეტია, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს უნდა ახლდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებაში უნდა ინახებოდეს ცეცხლსაქრობი და პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203