საპილოტე სკოლებში JavaScript-ის სწავლება უშუალოდ პროგრამული კოდის წერის მეთოდით Khan Academy პლატფორმის გამოყენებით დაიწყო.
მოსწავლეები დაეუფლებიან JavaScript პროგრამული ენის და ProcessingJS ბიბლიოთეკის გამოყენებას მხიარული ნახატებისა და ანიმაციების შესაქმნელად.
პროგრამირების სწავლა ხელს უწყობს მოსწავლის ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას, რაც ამ პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.
კოდინგის სასკოლო კლუბების პროექტში ქუთაისის N33 საჯარო სკოლაც ჩაერთო.
კლუბში ონლაინ-გაკვეთილებით 20 მოსწავლე მეცადინეობს.
გაკვეთილების ინსტრუქტორი ექსპერტი სოფიო შინჯიკაშვილია, ხოლო ფასილიტატორი - სკოლის პედაგოგი მაია კაკაბაძე.
კლუბში უკვე 12 მეცადინეობა ჩატარდა შემდეგ თემებზე: პროგრამირების შესავალი, ხატვის საწყისები, გაფერადება, ცვლადები, ანიმაციის საწყისები, ინტერაქტიული პროგრამები, ზომის შეცვლა ცვლადებით, ტექსტი და სტრიქონები, ფუნქციები, ლოგიკა და If დებულებები, პროგრამების გამართვა.
„საინტერესოდ და მოსწავლისათვის გასაგებ ენაზეა დაგეგმილი ყოველი გაკვეთილი, რომელიც მოიცავს სასწავლო ვიდეოს, განმამტკიცებელ ინდივიდუალურ სამუშაოს და დავალებას პროექტის სახით. ყველა მოსწავლე მეცადინეობს თავისი პროფილით, ინსტრუქტორი ბიზნეს სკაიპით არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მის გაზიარებულ ეკრანს ყველა მოსწავლე ხედავს პროექტორის საშუალებით, ინსტრუქტორი მოსწავლეთა პროგრესს ონლაინში აკონტროლებს, მარტივი და გასაგები ენით აძლევს მოსწავლეებს საჭირო ინსტრუქციებს, პასუხობს მოსწავლეების შეკითხვებს და მოსწავლეებიც პასუხობენ მის გამოწვევებს. ბავშვები ერთმანეთს ეხმარებიან. გაკვეთილები ნამდვილად საინტერესო და სახალისოა“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები