სკოლის დირექტორის ქმარს მოსწავლეებისადმი გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ - შსს პედაგოგებსა და მოსწავლეებს გამოკითხავს
08-05-2023

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც დაფიქსირებულია, როგორ ავიწროებს შუამთის საჯარო სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო.

მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა. სავარაუდო დამნაშავის ოჯახში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და ფაქტს დაუჯერებლად მიიჩნევენ. მომხდარზე საუბარი უჭირთ არასრულწლოვნების ოჯახშიც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებები პირველ მაისსვე დაიწყო, მათ შორის მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.

„მიმდინარე წლის პირველ მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში 1-ელ მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის - მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.

მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

საქმეზე გამოძიება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება”, - აცხადებენ შსს-ში.

შუამთის სკოლასთან დაკავშირებულ ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც -

„6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები.

ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვნის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია. სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეს შეისწავლის“, - ნათქვამია ობუდსმენის გამცხადებაში.

etaloni.ge-მ შუამთის საჯარო სკოლის უკვე ყოფილ ხელმძღვანელთან, ლეონინე სულაბერიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203