ინსინერატორი, კომპოსტი, მიტიგაცია, სმოგი - სიტყვები მდგრადი განვითარების ლექსიკონიდან მასწავლებლებისთვის
14-05-2023

მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და ამ პრინციპების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა ყველა მასწავლებელს უნდა შეეძლოს. ამის გათვალისწინებით, პედაგოგმა იცოდეს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომელიც მდგრადი განვითარების ლექსიკონშია მოცემული. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

ინსინერატორი (ნაგავსაწვავი) - სპეციალური ღუმელი, რომელშიც ნარჩენს წვავენ;

სმოგი - შავი სქელი ნისლი, რომელიც დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში ბოლისა და ჭვარტლისაგან წარმოიქმნება;

ეკოსახლი - სახლი, სადაც ეკონომიურად იხარჯება ელექტროენერგია და წყალი, რის შედეგადაც მცირდება გარემოს დაბინძურება და ჰაერში ნახშირბადის გამოყოფა;

კომპოსტი - ბუნებრივი სასუქი, რომელიც დამპალი მცენარეებისა და ცხოველების ნაკელის ნარევს წარმოადგენს და რომლითაც ნიადაგს ანოყიერებენ;

მჟავა წვიმა - ატმოსფეროში წყლის ორთქლთან გოგირდისა და აზოტის ოქსიდების შეერთებით წარმოქმნილი მჟავების შემცველი წვიმა;

მიტიგაცია - მზადყოფნის ამაღლებისა და მოწყვლადობის შემცირების მიზნით ბუნებრივი კატასტროფის შედეგების შემამცირებელი (შემარბილებელი) წინასწარ გასატარებელი ღონისძიებების კომპლექსია, რომელიც საკანონმდებლო და მეთოდურ - ინსტრუქციულ რეგულაციებსაც მოიცავს;

ჰაბიტატი - მცენარისა თუ ცხოველის საცხოვრებელი, საარსებო გარემო. დედამიწის თითქმის ყველა წერტილი – ცხელი უდაბნოებისა და ყველაზე ცივი, ყინულოვანი ადგილების ჩათვლით, სხვადასხვა სახეობის ჰაბიტატია.

ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის.

„სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს უნდა უბიძგებდეს გააცნობიეროს პირადი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, გაიაზროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა, ჩამოუყალიბდეს სწორი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, გაუჩნდეს გარემოს დაცვასა და მის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების სურვილი“, - წერია მესამე თაობის ესგ-ში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203