„მასწავლებელმა თვითონ დაადგინოს საკუთარი საჭიროება და დაგეგმოს განვითარება“, - პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე ქიტიაშვილმა ისაუბრა
20-05-2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა სააგენტოს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ იქმნება მასწავლებელთა განვითარების შიდა ინსტიტუციური განვითარების სისტემა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების მარეგულირებელი ჩარჩო.

სააგენტოს ანგარიშის წარდგენისას აქცენტი გაკეთდა პროფესიული საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პედაგოგების განვითარებაზე.

„მასწავლებელთა განვითარების კუთხით იცვლება პარადიგმა. შარშან, ჩვენ უკვე მოვამზადეთ კონცეფცია მასწავლებლების განვითარების ახალი ხედვის შესახებ პროფესიულ განათლებაში. ზაფხულში ვგეგმავთ, შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს დამტკიცებას. ამ საკითხზე დავიწყეთ კონსულტაციები. კონცეფცია დასრულდა და ახლა ტენდერის ფაზაშია.

მზადდება დიდი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მხარს დაუჭერს მასწავლებლების გაძლიერებას. პედაგოგებს ექნებათ თავისი პირადი გვერდი, პორტფოლიოები... ამ გვერდზე ისინი შეძლებენ დაგეგმონ პირადი განვითარება და ეს ყველაფერი მოქცეული იქნება საერთო სისტემაში. მათ შეეძლებათ მარტივად მიიღონ სხვადსხვა სერვისები, მათ შორის, ელექტრონული ტრენინგისა და განვითარების შესაძლებლობაც ექნებათ.

თუკი აქამდე ცენტრალიზებულად ხდებოდა მასწავლებლების განვითარების დაგეგმვა, მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებას სასკოლო საზოგადოებისგან განსხვავებით  ახასიათებს დარგობრივი ჭრილი და თავისებურებები.. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვითარებას ჰქონდეს კავშირი დარგთან. შესაბამისად, შევქმენით დარგობრივი ქსელები (უკვე 12 დარგობრივი ქსელი გვაქვს) სადაც ვაერთიანებთ მასწავლებლებს და თავის მხრივ ვცდილობთ მათ ბიზნესთან დაკავშირებას.

ამასთან ფოკუსი გადავიტანეთ საგანმანათლებლო სივრცის შიგნით, მის წიაღში მასწავლებლის განვითარებაზე. მასწავლებლის განვითარება ჰარმონიულად უნდა უკავშირდებოდეს მთლიანად საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებას. ანუ განვითარების პრინციპი იყოს ქვემოდან ზემოთ, მასწავლებელმა თვითონ დაადგინოს თავისი საჭიროება და თვითონ დაგეგმოს თავის განვითარება კოლეჯის მენეჯმენტთან და ლიდერებთან ერთად“, - აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203