ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, სკოლის დირექტორის ქმარმა ავტომობილს, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა და რომელშიც ასევე ბავშვი იჯდა, ქვები ესროლა.
საინფორმაციო სააგენტო „ფორმულასთან“, დაზარალებული გოგიტა სანიკიძე ამბობს, რომ როხის სკოლის დირექტორის ქმარმა, ალექსანდრე მამასახლისმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მის მანქანას ქვები დაუშინა. მისივე თქმით, მომხდარს წინ დიდი ხნის კონფლიქტი უძღოდა. კერძოდ, სანიკიძე ამბობს, რომ როხის სკოლის დირექტორი მის შვილს აბულინგებდა, რის გამოც, ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა მოუწიათ.
მისივე თქმით, თავდამსხმელი ასევე როხის სკოლაში მუშაობს, თუმცა ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება.
„ჩემი შვილი დააბულინგა მისმა მეუღლემ [სკოლის დირექტორმა]. რატომღაც ისე ხდება, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. პოლიციას უნდა ვკითხო - მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ რაიმე ზომები მიიღონ?! ჩემი ცოლისთვის და შვილისთვის უსაფრთხოებას ვითხოვ", - თქვა გოგიტა სანიკიძემ.
etaloni.ge- მ როხის საჯარო სკოლის დირექტორთან, თამარ ლომინაძესთან დაკავშირება სცადა თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.