NAEC-მა მოსწავლეთა ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
16-05-2023

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის - PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) შედეგებს აქვეყნებს.

2021 წელს კვლევაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 57-მდე გაიზარდა; წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით საერთო ჯამში 346 992-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან PIRLS-ში მონაწილეობდა 190 სკოლის 5 637 მოსწავლე.

PIRLS 2021-ის კვლევა მთელს მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო წინა ციკლებთან შედარებით განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა. კვლევის მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე იყო გადასული, შესაბამისად, ტესტირებისთვის შერჩეული სკოლების საკლასო ოთახებში მყოფი მოსწავლეების რაოდენობა კვლევის სანდოობის დასაშვებ პროცენტზე ნაკლები იყო, რის გამოც 14 ქვეყანაში (ამერიკის შეერთებული შტატები, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირლანდია, კატარი, ლატვია, ლიეტუვა, მაროკო, საუდის არაბეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ხორვატია, საქართველო), საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციასთან შეთანხმებით, მოსწავლეებმა ტესტი 2021 წლის გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე წერეს, ხოლო 6 ქვეყანაში ტესტირება ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა. ამ ქვეყნებში ტესტირებაში მონაწილეობა მეოთხეკლასელების ახალმა ნაკადმა მიიღო.

კვლევაში მონაწილე ქვეყნებში პანდემიის გამო არსებული ერთმანეთისაგან განსხვავებული ვითარების, ტესტირების ჩატარების სხვადასხვა პერიოდისა და მოსწავლეთა განსხვავებული საშუალო ასაკის გათვალისწინებით, საერთაშორისო კონსორციუმის რეკომენდაციით (IEA), მიზანშეწონილია ერთმანეთს არ შედარდეს იმ ქვეყნების შედეგები, რომლებმაც ტესტი შემოდგომაზე წერეს იმ ქვეყნების შედეგებთან, რომლებმაც ტესტი გაზაფხულზე შეასრულეს.

ტესტის ჩატარების პერიოდში მოსწავლეთა საშუალო ასაკი საქართველოში 5 თვით აღემატებოდა ქვეყნების უმრავლესობის მოსწავლეთა საშუალო ასაკს. მსგავსი სიტუაცია იყო კიდევ 13 ქვეყანაში, სადაც ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე, წინა ციკლებთან შედარება  გართულებულია. PIRLS-ის მონაცემები მიუთითებს, რომ მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესამჩნევია მიღწევების არსებითი გაუარესება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც წიგნიერებაში საშუალო ქულის კლება გამოვლინდა.

დეტალური ინფორმაცია და შედეგები იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203